ახალი ამბები

პოლიცია საზოგადოებას აძლევს მიმართულებას, რომ ეს იყო თვითმკვლელობა – ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეზე

24 ივლისი, 2020 • 936
პოლიცია საზოგადოებას აძლევს მიმართულებას, რომ ეს იყო თვითმკვლელობა – ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ფსიქოლოგზე, წერილზე და დაზიანებებზე საუბარი გამოძიების მხრიდან საზოგადოებისთვის კონკრეტული მიმართულების მიცემას ჰგავს. ამის შესახებ რამიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა გამოძიების საწყის ეტაპზე საზოგადოებისთვის ისეთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება, რაც თვითმკვლელობისკენ წაიყვანს საზოგადოების ფიქრებს, არ არის სწორი.

რამიშვილმა განმარტა, რომ წერილი, რომელიც მანქანაში აღმოაჩინეს, შეიძლება სულაც არ იყოს სუიციდის წერილი, რადგან ეს უფრო ბაჩალიაშვილის მიერ პირად ჩანიშვნებს ჰგავს. რაც შეეხება დაზიანებების არარსებობას, ამ ეტაპზე ამ ვერსიაზე საუბარი სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე ნაადრევია. ფსიქოლოგი კი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰყავდეს.

“ჯერ ვერსიებზე ვიმუშაოთ და ნუ გავაკეთებთ ისე, რომ საზოგადოებას მივუთითოთ თვითმკვლელობისკენ. გუშინ ინახა გარდაცვლილი და ჯერ ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი, შეიძლება სხვა რაღაცამდე მიგვიყვანოს და ასე ყურადღების გამახვილება და ორიენტირება იმაზე, რომ ფსიქოლოგი ჰყავდა, დაწერა წერილი, წამლებია ნაპოვნი… მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითმკვლელობა ისე შეიძლება დადგას მკვლელმა, დიდი ხანი შეიძლება ყველა დარწმუნებული იყოს, რომ ადამიანმა თავი თვითონ მოიკლა და ამ დროს მკვლელობა აღმოჩნდეს”, – განმარტა რამიშვილმა.

მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვებია და ყველა მათგანს პასუხი უნდა გაეცეს და მსგავსი განცხადებების გაკეთება ოჯახს ამ ეტაპზე გამოძიების მიმართ უნდობლობას უმძაფრებს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში მწყემსა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი