ახალი ამბები

მართლმადიდებლების 43% პანდემიის დროს ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენებას არ ეთანხმებოდა- CRRC

23 ივლისი, 2020 • 1580
მართლმადიდებლების 43% პანდემიის დროს ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენებას არ ეთანხმებოდა- CRRC

CRRC-საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მართლმადიდებელი ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილი (43%) არ ეთანხმებოდა ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენებას.

ზიარების დროს სართო კოვზის გამოყენებას ეთანხმებოდა გამოკითხულთა 33%.

ამავდროულად, წინა წელთან შედარებით, სააღდგომო წირვაზე დასწრების მაჩვენებელი დაახლოებით 91%-ით შემცირდა.

 

კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღვთისმსახურების დისტანციურად ჩატარებაზე უარი თქვა და არც ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკა შეუცვლია.

კვლევის თანახმად საზოგადოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის დადებითად შეფასება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა  სხვა ინსტიტუტებთან შედარებით ეს ზრდა შედარებით მცირე იყო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში.

თუ NDI-ის 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის კვლევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუციურ საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებდა გამოკითხულთა 50%, მიმდინარე წლის მაისში ეს რიცხვი 66%-მდეა.

შედარებისთვის იხილეთ სხვა ინსტიტუციების რეიტინგები აქ.


CRRC-საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევა წარმოადგენს ექვსი ყოველკვირეული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისზე მოსახლეობის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

მონაცემები შეგროვდა მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი აკრეფის მეთოდის გამოყენებით; ინტერვიუები ჩატარდა ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და რუსულად. გამოკითხვის პირველი ტალღა ჩატარდა 29 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდში; მეორე – 7-10 მაისს; მესამე – 14-17 მაისს; მეოთხე – 21-23 მაისს; მეხუთე – 28-31 მაისს; მეექვსე – 4-6 ივნისს.

კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. კვლევაში ცდომილების ზღვარი 3-3,1%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი