ახალი ამბები

პანდემიის დროს მთავრობისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – CRRC

23 ივლისი, 2020 • 16173
პანდემიის დროს მთავრობისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – CRRC

კოვიდ-19-ის კრიზისთან დაკავშირებით “CRRC-საქართველოს” საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის დადებითად შეფასება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სხვა ინსტიტუტებთან შედარებით ეს ზრდა შედარებით მცირე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში.

მაგალითად, თუ NDI-ის 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის კვლევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუციურ საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებდა გამოკითხულთა 50%, მიმდინარე წლის მაისში ეს რიცხვი 66%-მდეა. ამავე პერიოდში, ყველაზე მეტად – 21%-დან 65%-მდე – გაზრდილია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობის დადებითი შეფასება.

“CRRC-საქართველომ” სატელეფონი გამოკითხვები 2019 წლის აპრილ-ივნისში 6 ეტაპად ჩაატარა. მიმდინარე წლის 4-6 ივნისის ტალღის გამოკითხვით, უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული საქმიანობის დადებითი შეფასება ინსტიტუტების მიხედვით შემდგნაირად გამოიყურება:

  • ექიმების საქმიანობას დადებითად აფასებს 97%;
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის – 91%;
  • პოლიციის – 88%;
  • ლუგარის ლაბორატორიის – 87%;
  • პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას – 83%;
  • განათლების სამინისტროს – 76%;
  • ადგილობრივი ხელისუფლების – 71%;
  • პარლამენტის – 62%;
  • მართლმადიდებელი ეკლესიის – 74% (აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი გაცილებით დაბალი იყო მაისში – 65%);
  • სალომე ზურაბიშვილი – 50%.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერა კრიზისის მიმდინარეობისას ძალიან მაღალი იყო. გამოკითხვის პირველი ტალღისას ყველაზე მეტი ადამიანი (94%) ეთანხმებოდა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების რეგულაციას და კომენდანტის საათის დაწესებას (83%), ხოლო ყველაზე ნაკლები (44%) – ზოგიერთი პროდუქტის ონლაინ გაყიდვის შეზღუდვას და აღდგომის დღესასწაულის დროს ეკლესიების ღიად დატოვებას (61%). გამოკითხვის მე-6 ტალღის დროს კი 95%-მა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას. ამ პერიოდში ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა (66%) ჰქონდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პირველი ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხების თანადაფინანსების შესახებ.

კრიზისის მიმდინარეობისას მოქალაქეები თვლიდნენ, რომ უმჯობესია ეკონომიკის ამუშავება, ვიდრე ვირუსის ჩაცხრომის ლოდინი.

ამავე კვლევით, მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილი ელოდება კორონავირუსის გავრცელების მომდევნო ტალღას და ასეთის შემთხვევაში, ადამიანები შედარებით ნაკლებად დაუჭერენ მხარს სხვადასხვა რეგულაციას.

CRRC-ის კვლევის თანახმად, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც დემოკრატია ყველა სხვა პოლიტიკურ წყობაზე უკეთესად მიაჩნია. აგრეთვე, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს. თუმცა დემოკრატიის მხარდაჭერა არ არის დაკავშირებული მმართველობის დემოკრატიული ფორმების მხარდაჭერასთან. მაგალითად, 53%-ისთვის მისაღებია, მთავრობამ კრიზისი წარმატებულად გადაჭრას და მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ოფიციალურად თანამდებობას დაიკავებენ თუ – არა. ეს მიდგომა მიუღებელია გამოკითხულთა მხოლოდ 29%-ისთვის. მოქალაქეების უმრავლესობა (59%) თვლის, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზების შესახებ მთავრობის საჯარო კრიტიკა მისაღებია.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეპიდემიის მიმდინარეობისას გავრცელებული იყო არასწორი და ცრუ ინფორმაციები, გაურკვევლობა ზოგიერთი მცდარი მოსაზრების შესახებ. მათ შორის, გავრცელებულია მცდარი შეხედულებები ვაქცინასთან დაკავშირებით. საზოგადოების მხოლოდ 42%-ს სურს, გაიკეთოს Covid 19-ის საწინააღმდეგო აცრა, თუ ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

მოქალაქეთა ქცევა პანდემიის დროს

კვლევის თანახმად, მამაკაცები და ახალგაზრდები საგანგებო მდგომარეობის დროს სტატისტიკურად უფრო ხშირად გადიოდნენ გარეთ, ვიდრე სხვა სოციო-დემოგრაფიული ჯგუფების წარმომადგენლები.
წინა წელთან შედარებით, სააღდგომო წირვაზე დასწრების მაჩვენებელი დაახლოებით 91%-ით შემცირდა. ამავდროულად, მართლმადიდებელი ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ეთანხმებოდა საერთო კოვზის გამოყენებას ზიარების დროს.

პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, შინამეურნეობების საშუალო და მედიანური შემოსავალი კრიზისის დროს განახევრდა. გაათმაგდა იმ შინამეურნეობების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ საერთოდ არ აქვთ შემოსავალი კრიზისის დროს. გამოკითხულთა 28%-მა განაცხადა, რომ კრიზისის მიმდინარეობისას სამუშაო დაკარგა, თუმცა მათგან ნახევარზე მეტმა კვლავ დაიწყო მუშაობა.


CRRC-საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევა წარმოადგენს ექვსი ყოველკვირეული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისზე მოსახლეობის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

მონაცემები შეგროვდა მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი აკრეფის მეთოდის გამოყენებით; ინტერვიუები ჩატარდა ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და რუსულად. გამოკითხვის პირველი ტალღა ჩატარდა 29 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდში; მეორე – 7-10 მაისს; მესამე – 14-17 მაისს; მეოთხე – 21-23 მაისს; მეხუთე – 28-31 მაისს; მეექვსე – 4-6 ივნისს.

კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. კვლევაში ცდომილების ზღვარი 3-3,1%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი