ახალი ამბები

“ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული” – შსს-სთან აქცია დაიგეგმა

22 ივლისი, 2020 • 1570
“ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული” – შსს-სთან აქცია დაიგეგმა

დღეს, 22 ივლისს, 21:00 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობებმა “შეცვალე” და “დემოკრატიული მომავლისთვის” აქცია დაგეგმეს.

შეკრებილები პროტესტს გამოთქვამენ ბოლო დროს ახალგაზრდების ბურუსით მოცულ მკვლელობებზე, რომელიც მათი თქმით, შსს-ს არაეფექტურობაზე პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს:

“ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული მკვლელობები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.

დღეს, 22 ივლისს, 21:00-ზე, ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე! მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

დღეს, 22 ივლისს 23 წლის თამარ ბაჩალაშვილის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა ქალს 5 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს მწყემსმა იპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალის ცხედარი დილით იპოვეს, შსს-ს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.(16:00)

მასალების გადაბეჭდვის წესი