ახალი ამბები

ბოლო 4 წელში ანტიდასავლური გზავნილები გაორმაგებულია – MDF

22 ივლისი, 2020 • 2872
ბოლო 4 წელში ანტიდასავლური გზავნილები გაორმაგებულია – MDF

ბოლო 4 წელიწადში ანტიდასავლური გზავნილები გაორმაგებულია – ეს არის “მედიის განვითარების ფონდის” (MDF) კვლევის მთავარი მიგნება.  MDF-მა ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეხუთე ყოველწლიური ანგარიში დღეს, 22 ივლისს გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს 2019 წლის მედიამონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს.

მთავარი მიგნებები

MDF-ის 2019 წლის მედიამონიტორინგის შედეგები ანტიდასავლური გზავნილების მზარდ ტენდენციაზე მეტყველებს, რაც ბოლო 4 წლის დინამიკის ჭრილში გაორმაგებული მაჩვენებელია (2019 წელი – 2769; 2016 წელი – 1258). კერძოდ, 2016 წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია ანტიამერიკული და ანტინატო გზავნილები. ნატო-ს წინააღმდეგ გზავნილების ზრდა, ანგარიშის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ნეიტრალიტეტის შესახებ გააქტიურებულ კამპანიას უკავშირდება.

პარალელურად გაზრდილია რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები, რაც საგარეო კურსის გადახედვის და კრემლთან პირისპირ დარჩენის გზით კონფლიქტების მოგვარების გზავნილებს შეიცავდა. ევროკავშირის/ევროპის წინააღმდეგ გზავნილების მონაცემები კი თითქმის წინა წლის იდენტურია და 2017 წელს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, შემცირებულია. MDF მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ გზავნილების შემცირება, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ ევროინტეგრაციის შემდგომი ეტაპები აქტიური განხილვის ფაზაში არ ყოფილა.

აშშ-ის მიმართ ორი ახალი გზავნილი იყო აქტუალური:

  1. მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ხასიათის არ არის და მას ამერიკისთვის სამხედრო-მილიტარისტული დანიშნულება აქვს;
  2. საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობაზე შეფასებები საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს უკავშირდებოდა, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, რამაც პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.

წყაროები

“მედიის განვითარების ფონდის” თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო 2019 წელს მედია იყო, რომელსაც პარტიები და პოლიტიკოსები მოსდევენ.

მედიაში ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროებად გამოიკვეთა:

  1. „საქართველო და მსოფლიო“
  2. „საქინფორმი“
  3. ტვ „ობიექტივი“
  4. „ასავალ-დასავალი“
  5. „ალია”.

პარტიებიდან, წინა წლის მსგავსად, “პატრიოტთა ალიანსი” ლიდერობდა, რომელსაც მოსდევს რუსეთის ხელისუფლება, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “ნეიტრალური სოციალისტური საქართველო” და “ქართული იდეა”.

ყალბი და მანიპულაციური შინაარსი

ფაქტების გადამოწმების ონლაინ პორტალმა „მითების დეტექტორმა“ 2019 წელს 199 ყალბი და მანიპულაციური შინაარსის მასალა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ყველაზე მეტი ყალბი ინფორმაცია მედიებიდან გაავრცელეს „საქართველო და მსოფლიომ“ (31), „სპუტნიკ საქართველომ“ (17) და „საქინფორმმა“ (16); პარტიებიდან – „პატრიოტთა ალიანსმა“ (24). გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა რამდენიმე პროპაგანდისტული ფეისბუკ გვერდიც.

როგორც MDF წერს, სტატისტიკის გაყალბება/რიცხვებით მანიპულირება ყველაზე ხშირად ეკონომიკისა და მიგრანტების საკითხს შეეხებოდა; ინტერვიუები მანიპულაციურად ყველაზე ხშირად NATO-ში ინტეგრაციის კონტექსტში გავრცელდა; ყველაზე მეტი კონსპირაცია ჯანდაცვისა და ბიოუსაფრთხოების თემაზე გავრცელდა, ისტორიის ფალსიფიცირება კი მეტწილად საბჭოთა პერიოდს შეეხებოდა.

მაგალითად, გაყალბებულ ვიდეოსთან ერთად, რომელშიც ჯორჯ ბუში უმცროსი ამერიკულ იმპერიალიზმს ამხელდა, ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სახელისუფლებო ბლოგერი, რომელსაც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ მედია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, ასევე, პოლიტიკური ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ისე ციტირებდა, როგორც რეალურ წყაროს.

ამასთან, წინა წელთან შედარებით გაიზარდა სატირული მასალების რეალურ ინფორმაციად გავრცელების შემთხვევები.


ანგარიშში გამოყენებულია კონტენტ-ანალიზისა და CrowdTangle-ის ანალიტიკური ხელსაწყოს მეშვეობით ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და ვერიფიკაციის შერეული მეთოდოლოგია. ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2018 წლებშიც ჩაატარა. კვლევა განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი