ახალი ამბები

სისხლის ანალიზს კიბოს გამოვლენა სიმტპომებამდე 4 წლით ადრე შეუძლია — მკვლევარები

22 ივლისი, 2020 • 5079
სისხლის ანალიზს კიბოს გამოვლენა სიმტპომებამდე 4 წლით ადრე შეუძლია — მკვლევარები

ჩინელი მკვლევრების თქმით, არაინვაზიურ სისხლის ანალიზ Panseer-ს შეუძლია დაუდგინოს კიბო ისეთი ადამიანების 95%-ს, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა მოგვიანებით მაინც უდასტურდება დაავადება, იუწყება „გარდიანი“.

როგორც თავად მეცნიერები ამბობენ, მათი ანალიზი კი არ წინასწარმეტყველებდა კიბოს, არამედ ამჩნევდა სიმსივნურ წარმონაქმნებს, რომელსაც ჯერ არ გამოუწვევია სიმპტომები ან არ ყოფილა აღმოჩენილი სხვა მეთოდებით.

თუმცა, როგორც „გარდიანი“ წერს, ეს კვლევა არაა პირველი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სისხლის ანალიზით კიბოს ადრეული გამოვლენაა შესაძლებელი, მაგრამ მეცნიერები დასძენენ, რომ მათი კვლევით კიბოს აღმოჩენა ყველანაირი სიმპტომების გაჩენამდეა შესაძლებელი.

რაც შეეხება კვლევის ტექნიკას, ჯგუფი აცხადებს, რომ ანალიზი დაფუძნებელია სისხლის პლაზმაში არსებულ დნმ-ის ცალკეული ნაწილების ტესტირებაზე იმის გასაგებად, არის თუ არა მათში ე.წ. საკონტროლო ნიშნები, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება სიმსივნიან დნმ-ში.

შემდეგ, ალგორითმის გამოყენებით, მათ შეიმუშავეს სისტემა, რომელიც დაადგენდა, იყო თუ არა სისხლში ცირკულირებად დნმ-ში სიმსივნე, გამომდინარე ზემოთ ხსენებული ე.წ. საკონსტროლო ნიშნებიდან.

ტესტის შესაქმნელად კი მკვლევრებმა გამოიყენეს 2007-14 წლებში შეგროვებული სისხლის ნიმუშები ჩინეთიდან.

„გარდიანის“ თანახმად, ტესტირების შედეგი ასეთია: ანალიზმა დაავადება დაუდგინა პაციენტებს, ვისაც უკვე ჰქონდათ კიბო შემთხვევების 88%-ში, ხოლო მათში, ვინც დაავადებული არ იყო, თუმცა მოგვიანებით კიბო აღმოაჩნდა, ანალიზმა 95%-იანი შედეგი აჩვენა. დაავადების არმქონე პაციენტებში ანალიზი სწორ შემთხვევათა 96%-ში იყო.

თუმცა კვლევას შეზღუდვებიც აქვს — ის დაფუძნებულია ნიმუშების შედარებით მცირე რაოდენობაზე, ხოლო [ტესტების] შენახვის პირობები არ ყოფილა ოპტიმალური. ამასთან ერთად, ტესტს არ შეუძლია დაადგინოს, რომელი სახეობის კიბო აქვს პაციენტს.

რას ამბობენ სხვა მეცნიერები?

ერიკ კლაინი კლივლენდის კლინიკის კიბოს ინსტიტუტიდან, რომელიც ადრე მკვლევრების გუნდში შედიოდა, შედეგებს მიესალმება:

„ასეთი ტესტების საჭიროება არსებობს, როცა სკრინინგის სხვა ეფექტიანი მეთოდები ამჟამად არ არსებობს“, — დასძენს იგი.

გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ადრეული დიაგნოსტიკის უფროსი მენეჯერი, სამანტა ჰარისონი კი ამბობს, რომ თავდაპირველი შედეგები „იმედის მომცემია“:

„Panseer-ის ტესტმა იმედის მომცემ თავდაპირველ შედეგს მიაღწია. ტესტმა შეიძლება დაადგინოს კიბოს არსებობა დიაგნოზამდე წლებით ადრე. მაგრამ ეს ადრეული შედეგია, რომელიც უნდა დადასტურდეს უფრო ფართო კვლევებში“, — განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი