ახალი ამბებიეკონომიკა

კანდელაკი: რაინეარსა და ვიზეარისთვის არჩევნებამდე ფრენის აკრძალვა სიბრიყვეა 

21 ივლისი, 2020 • 1565
კანდელაკი: რაინეარსა და ვიზეარისთვის არჩევნებამდე ფრენის აკრძალვა სიბრიყვეა 

„ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დღევანდელი ბრიფინგის საპასუხოდ.

კანდელაკის თქმით, თურნავამ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად, იკრძალება ვიზეარის და რაინეარის რეგულარული რეისები არჩევნებამდე, “რითაც მთავრობა შიმშილისთვის წირავს ტურიზმის სფეროზე დამოკიდებულ ათასობით ადამიანს, რომელიც იმედის თვალით შეჰყურებდა ამ ორი ავიაკომპანიის რეგულარული რეისების განახლებას.“

“მთავრობამ განზრახ შექმნა მდგომარეობა, რომელშიც თვითმფრინავით გადაადგილება იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუძლია ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და აქვს პრივილეგია, თავი აარიდოს კარანტინს – როგორც ეს გვაჩვენა მინისტრმა ზალკალიანმა, ან როგორც ეს აქვს თვითონ თურნავას,  კეთილსინდისიერი მოქაალაქეები კი უნდა ისხდნენ კარანტინში“,- აღნიშნა კანდელაკმა.

მისი თქმით, თურნავამ იცრუა, როცა თქვა, რომ რაინეარისას და ვიზეარისთვის ორჯერ ან ერთხელ ფრენა წამგებიანია.

„მოდით, ქალბატონო ნათია, თავად ავიაკომპანიებმა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი. პანდემიამდე მათი რეისების უმრავლესობა ისედაც კვირაში ორჯერ და მაქსიმუმ სამჯერ ხორციელდებოდა. ამასთან, რა გამოდის, მაგალითად, ესტონეთის მთავრობა ბრიყვია და არაკომპეტენტური, როცა საზღვრებს უხსნის საქართველოს და მხოლოდ საქართველოს მთავრობაა ბრძენი? ქართული ოცნების მთავრობის მიდგომა არამეცნიერულია და უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს“, – განაცხადა კანდელაკმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ ეძლევათ Wizzair-სა და “რაინეარს” რეგულარული ფრენების დაწყების საშუალება.

როგორც დღეს, 21 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ თურნავამ ჟურნალისტებს უთხრა, ამ ორ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოება უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე ეს თუნდაც “ლუფთჰანზას” შემთხვევაში მოხდა. მისივე თქმით, მათი სპეციფიკა შესრულებული ფრენების სიხშირეში მდგომარეობს ანუ ეს ორი ავიაკომპანია ფრენებ,ს სხვა ავიაკომპანიების მსგავსად, კვირაში ორჯერ ვერ შეასრულებს.

“ისინი კვირაში ერთხელ ვერ იფრენენ, რადგან ამ შემთხვევაში ეს ავიაკომპანიები საკუთარი ბიზნესმოდელის მდგრადობას ვერ შეინარჩუნებენ, ანუ მათთვის წამგებიანი იქნება. ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება.. ბოლოს ათზე მეტი მიმართულება ჰქონდათ შემოთავაზება. ეს კვირაში ოცზე მეტ ფრენასა და ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს გულისხმობს. ჩვენ როცა ამისთვის მზად ვიქნებით და ის ქვეყნებიც მზად იქნებიან, საიდანაც ავიაკომპანიები ფრენებს გვთავაზობენ, ამას დავუშვებთ”,- აცხადებს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი