ნეტგაზეთი | კონკურენტი არის სისტემა და არა ტურძელაძის „ვაკელობა“ ან თვისებები – ხოშტარია კონკურენტი არის სისტემა და არა ტურძელაძის „ვაკელობა“ ან თვისებები – ხოშტარია – Netgazeti
RU | GE  

კონკურენტი არის სისტემა და არა ტურძელაძის „ვაკელობა“ ან თვისებები – ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ვაკის საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მთავარ კონკურენტზე, ნოდარ ტურძელაძეზე „ვერაფერს ცუდს ადამიანურად“ ვერ იტყვის, მისი კონკურენტი არის „სისტემა“ და, მართალია, ტურძელაძემ „დღეს სისტემის მსახურება გადაწყვიტა“, მათ ღირსეულად უნდა ჩაატარონ საარჩევნო კამპანია.

წინა დღით, 20 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში მაჟორიტარობის 30-ვე კანდიდატი დაასახელა. ვაკის მაჟორიტარულ ოლქში მმართველმა გუნდმა წარადგინა ნოდარ ტურძელაძე, რომელიც წლებია, ვაკის რაიონის გამგებელია.

ვაკეში მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას „ევროპული საქართველოს“ პარლამენტარი, ელენე ხოშტარია, რომელსაც, შეთანხმებისამებრ, სხვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტების“ და ა.შ.

21 ივლისს ელენე ხოშტარიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ნოდარ ტურძელაძესთან, რომელიც წინა არჩევნების შემდეგ გაიცნო, „ძალიან ღირსეული და კარგი ურთიერთობა“ ჰქონდა:

„დავურეკე, შეხვედრა ვთხოვე და ვუთხარი, რომ ბევრი პრობლემა და საკითხია ვაკეში, რაზეც თანამშრომლობა მერჩივნა, ვიდრე უბრალოდ ყვირილი. ძალიან ღირსეული და კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვერაფერს ცუდს მასზე ადამიანურად ვერ ვიტყვი და არც მინდა“.

ელენე ხოშტარიას თანახმად, პრობლემა ასეთ სახით არსებობს: „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის გუნდის წევრებსაც კი პატივს არ სცემს, თავის ინსტრუმენტებად აღიქვამს. და დღეს ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი უნდა შევცვალოთ“.

ხოშტარიას თანახმად, ივანიშვილი „უკვე იქცა ადამიანური ტრაგედიების წყაროდ, —” ტყუილად დაპატიმრებული ხალხი და მათი ოჯახები, თავგასული პოლიციის მსხვერპლები, კორუფციის მახვერპლები, კრიმინალის მხვერპლები. საფრთხეშია ქვეყნის გეზი. წარმოუდგენელია, რომ ბევრი, ბევრი მახვერპლის და წვალების შემდეგ რუსეთისკენ ტრიალდება ქვეყანა“.

ელენე ხოშტარია წერს, რომ ამ პირობებში „ამ მთავრობის მსახურება ძალიან დიდი შეცდომაა“, მისი „კონკურენტი არის ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის „ვაკელობა“, ცნობადობა ან ადამიანური თვისებები. უბრალოდ, სამწუხაროდ, დღეს მან ამ სისტემის მსახურება გადაწყვიტა“.

თუმცა ოპოზიციის კანდიდატი იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ღირსეულად ჩაატარებენ:

„მიუხედავად ბევრი სიმწვავისა, მე და „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები, ჩემი აზრით, უნდა ვეცადოთ და ღირსეულად გავიაროთ ეს კამპანია. პოლიტიკურად დამარცხება ადამიანურ განადგურებას არ უნდა ნიშნავდეს. მათ შორის მაგიტომ მინდა მოგება, რომ ამის მაგალითები შევქმნათ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com