ახალი ამბები

რატომ ვერ გაიმეტა “ოცნებამ” ქალი კანდიდატებისთვის ერთზე მეტი ადგილი

23 ივლისი, 2020 • 1851
რატომ ვერ გაიმეტა “ოცნებამ” ქალი კანდიდატებისთვის ერთზე მეტი ადგილი

“შიდა დემოკრატია „ქართულ ოცნებაში“ სუსტია” – ეს რეაქცია აქვთ გენდერისა და არჩევნების საკითხებზე მომუშავე ადამიანებს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მათი მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან მხოლოდ ერთია ქალი. ნინო ლაცაბიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარ დეპჯუტატობას “ქართული ოცნების” სახელით გეგმავს.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ 30 კანდიდატში მხოლოდ ერთი ქალის დასახელებაც „ქართულ ოცნებაში“ შიდა დემოკრატიის სისუსტესთან ერთად იმაზეც მიუთითებს, რომ კაცებს ძალაუფლების ქალებისთვის განაწილება არ სურთ. მათივე შეფასებით, მართალია, „ოცნება“ თავად იყო პარტიებისთვის გენდერული კვოტების დაწესების ინიციატორი, იდეურად ის ქალთა წინ წამოწევასა და გაძლიერებას მხარს არ უჭერს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები. ფოტო: ქართული ოცნება

პარალელურად, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მართალია, მაჟორიტარობის კანდიდატად მხოლოდ ერთი ქალი დაასახელეს, პროპორციულ სიაში უფრო მეტი ქალი იქნება, შესაბამისად, არჩევნების შემდეგ მათი წარმომადგენლობაც გაიზრდება.

„კანონი არ გვავალდებულებდა“ – „ოცნების“ პასუხი კრიტიკაზე

ნინო ლაცაბიძის წარდგენისა და თანმდევი კრიტიკის შემდეგ, იმავე დღეს მას „ოცნების“ ლიდერები გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი მათგანი არჩილ თალაკვაძე იყო, რომელიც „პალიტრანიუსის“ ეთერში საზოგადოებას დაჰპრიდა, რომ პროპორციულად ასარჩევ დეპუტატთა სიაში უფრო მეტი ქალი იქნება.

„ჩვენ კრიტიკას ვუპასუხებთ არჩევნებით. თქვენ ნახავთ, რომ ახალ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა იქნება უფრო მეტი და უფრო მეტად გარანტირებული, ვიდრე ეს იყო ნებისმიერ წინა პარლამენტში. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავრობაში გენდერული ბალანსი თითქმის 50/50-ზეა, ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი და ასევე, საქართველოს პრეზიდენტი, პირველად ისტორიაში, იყო ჩვენ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი ქალი“, – ამბობს თალაკვაძე.

პროპორციულის სიას დაელოდონ და ნახავენ, რამდენი ქალი იქნება პარლამენტში – თალაკვაძე

დაახლოებით იმავეს იმეორებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” დაიწყებს ფიქრს საარჩევნო სიაზე, სადაც ახალ სახეებთან ერთად ქალებიც იქნებიან:

“დავიწყებთ ფიქრს ახალ საარჩევნო სიაზე, სადაც უკვე იქნებიან ახალი სახეებიც უფრო მეტი, იქნებიან ქალები, ამას ჩვენ ჩვენივე მიღებული კანონი და შესაბამისი ნორმა გვავალდებულებს”, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მაჟორიტარობის კანდიდატებზე კომენტარი ასევე სთხოვეს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. წულუკიანს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ კვოტები „ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ შეირჩა კანდიდატთა სიისთვის უფრო მეტი ქალი.

„მე მესმის, ამ კითხვის შინაარსი კარგად. დიდი შვებით გავხდი მოწმე იმისა, რომ სწორედ ჩემმა პარტიამ ხმა მისცა ისეთ ფუნდამენტურ საარჩევნო ცვლილებას, რასაც ჰქვია ყოველ 4 კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის არსებობა“ – ამბობს წულუკიანი და ამატებს, რომ პოლიტიკის მიღმა ქართველ კაცებს ქალებზე ფიქრის პრობლემა არ აქვს.

თუმცა აქვე წულუკიანი დასძენს, რომ „ეს არ ეხება მაჟორიტარულ ნაწილს, ამიტომ ამის ვალდებულება არ იყო“.

„ვალდებულება რომ არ იყო, ვალდებულების მიუხედავად შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ქალი, მაგრამ არ იყო და იყო ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მეტად იღიმოდა და იყო ყველაზე მეტად მოწადინებული. სახეზეც ეტყობოდა, რომ ხვალვე გაიმარჯვებს არჩევნებში”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, ის უფრო მეტი კაცი მაჟორიტარის წარდგენას ირონიით უყურებს, რადგან მისივე აღქმით, მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება არის “ტიტანური შრომა” და “არაუშავს, თუ კაცები უფრო მეტს იწვალებენ”.

კითხვაზე, თავად რატომ არ იყო კანდიდატებს შორის, წულუკიანი პასუხობს, რომ ამის საჭიროება არ იდგა.

“შიდა დემოკრატიის პრობლემა, სექსიზმი:”

ნეტგაზეთმა კანდიდატთა სიისა და მათი წარდგენის შეფასება სამ სხვადასხვა ექსპერტს – ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის ჯგუფის წევრს, ირმა პავლიაშვილს, „ქალთა ინიციატივის მხარდაჭერის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ეკატერინე აღდგომელაშვილსა და EMC-ს ერთ-ერთ დირექტორს, თამთა მიქელაძეს სთხოვა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ერთი მხრივ,  კვოტების კანონპროექტის გაცხადებული მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, მაჟორიტარების კანდიდატთა სიაში ქალების მინიმალური ჩართვა, „ოცნების“ მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებაა და პარტიაში შიდა დემოკრატიის მექანიზმის ეფექტიანობაში ეჭვებს აჩენს.

„ზოგადად, უნდა ითქვას, რომ მაჟორიტარი დეპუტატების შერჩევის დროს, გენდერული დისბალანსი ყველა პარტიასთან მიმართებით ჩანს. როგორც წესი, პარტიები ფიქრობენ, რომ კაც კანდიდატს უფრო მეტი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნება.

ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები, როგორც წესი, არიან კონკრეტული ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ კონკრეტულ რეგიონთან მიმართებით თავიანთი გავლენის სფეროები და ამ რეგიონების მართვის გამოცდილება. ზოგიერთი მაჟორიტარი ერთგვარი ფეოდალიც კი არის, რომელსაც გავლენა და კონტროლი აქვს რეგიონში და კლანური მეთოდებით მართავენ მას, ხშირად, ისინი უალტერნატივო კანდიდატებად რჩებიან,“ – ამბობს ნეტგაზეთთან თამთა მიქელაძე.

მიქელაძე განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს კრიზისი აქვს, მათ შორის, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ვინაიდან, ბოლო პერიოდში პარტია ბევრმა საჯაროდ აქტიურმა პირმა, მათ შორის, ბევრმა ქალმა, დატოვა.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქალები ძალაუფლების პერიფერიებზე აღმოჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ისინი შეიძლება ყველაზე უკეთ ხედავდნენ, სად არის ძალაუფლება და სად არის პრობლემები“,- ამბობს მიქელაძე. 

იმას, რომ საქართველოში მაჟორიტარების შერჩევისას არჩევანი, როგორც წესი, კაცებზე ჩერდება, ეთანხმება „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელიც, ეკატერინე აღდგომელაშვილი.

აღდგომელაშვილი განმარტავს, რომ ქალ კანდიდატებს ყოველთვის უფორ მეტი ბარიერი აქვთ და მაჟორიტარული სისტემა ხშირად “თვითონ არის მტრული ქალი კანდიდატების მიმართ“. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კაც კანდიდატებს უფრო მეტი ეკონომიკური რესური აქვთ კამპანიის საწარმოებლად. პარალელურად კი, ქალებსა და კაცებს შორის ფინანსური რესურსების გადანაწილების თვალსაზრისით „საქართველოში დიდი უფსკრული არსებობს“.

თუმცა ამ მიზეზს, როგორც წესი, არ ასახელებენ ხოლმე და კვლევები ცხადყოფს, რომ მიზეზებზე რომ ეკითხებიან პარტიის წარმომადგენლები, თვითონ ამჟღავნებენ ერთგვარ პატერნალისტურ დამოკიდებულებას, მაგალითად, „ქალზე ზრუნვით“. ის, რომ აი, მაჟორიტარი კანდიდატების შრომა უფრო მძიმეა, რისკებთან არის დაკავშირებული და ა.შ. რასაც ე.წ. სუსტი ქალი ვერ გაუძლებს.

თუმცა, საბოლოოდ, გაუგებარია, რას ეფუძნება ის აზრი, რომ ქალებს ამომრჩეველი არ ეყოლება, როდესაც კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში იცვლება დამოკიდებულება ქალი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მიმართ, თუნდაც UNDP-ს ბოლო კვლევა რომ გავიხსენოთ.

ეს არის წმინდა წყლის პროტესტი კაცებისა ქალების მიმართ და მას არგუმენტირებულ საფუძველს ვერ მოუძებნიან. ძალაუფლების ხელიდან გაშვება არ სურთ ადამიანებს“, – ამბობს აღდგომელაშვილი. 

აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს სახეზეა ერთგვარი უნდობლობა ქალების მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, პარტიის შიდადემოკრატიულ მექანიზმს უკავშირდება.

„ქალი კანდიდატის [ნინო ლაცაბიძის] წარდგენის დროს ძალიან თვალსაჩინო იყო აქცენტის გაკეთება დედობაზე, იმაზე, რომ მას 4 შვილი ჰყავს და პროფესიასთან ერთად დედობასაც ართმევს თავს. მაშინ, როდესაც რომელიმე სხვა კანდიდატის წარდგენისას, არ მგონია, რომელიმე შემთხვევაში ჰქონოდა მნიშვნელობა.

ესეც არის კიდევ ერთი დეკლარირება იმისა, რომ ქალის რეალიზაციის აუცილებლი პირობა მაინც ჩაკეტილია ამ რეპროდუქციის ფუნქციაში. ეს მინიმუმ პირობა უნდა ჰქონდეს, რომ ის ჩაითვალოს რეალიზებულ ადამიანად, რომელმაც შეიძლება განაცხადოს პრეტენზია პოლიტიკურ ცხოვრებაზე. აქაც გამოკვეთილად ჩანს სექსისტური მიდგომა, ხედვა და დამოკიდებულება“, – დასძენს აღდგომელაშვილი.

ეკა აღდგომელაშვილი

ქალების პოლიტიკური ჩართულობის პრობლემაზე ნეტგაზეთთან ასევე ისაუბრა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის ჯგუფის წევრმა, ირმა პავლიაშვილმა. პავლიაშვილი ამბობს, რომ წარდგენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ზემოხსენებული გამოწვევა, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის“ ჯერ კიდევ აქტუალურია.

კითხვაზე, აჩვენა თუ არა წარდგენამ კვოტირების აუცილებლობა, პავლიაშვილი გვპასუხობს:

„ჩვენ ამ რისკს ვასახელებდით, როდესაც კვოტების კანონპროექტის ადვოკატირებაში ვიყავით ჩართულნი. კერძოდ კი იმას, რომ კვოტების გარეშე, შესაძლოა, გაუარესებული სურათი მიგვეღო. მართალია, წინა მოწვევის პარლამენტში ჯერ იყო 16%, შემდგომ კი ქალთა ოდენობა 20%-მდე გაიზარდა, ეს არ გამორიცხავს, რომ გაუარესებაც შეიძლება ვნახოთ.

ვთქვათ, აქცენტები სხვა მიმართულებით დაისვას და არ იყოს მოწოდება ქალთა ჩართულობასა და გაძლიერებაზე და კვლავ გართულდეს ადგილების გადანაწილება. სწორედ ამას ვასახელებდით ერთ-ერთ გამოწვევად და ყოველთვის  ვსაუბრობდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანი იქნება, მოხდეს საკანონმდებლო დონეზე სავალდებულო კვოტის დარეგულირება, იმისთვის, რომ ეს რიკსები დავაზღვიოთ და შემდგომ, ეტაპობრივი ზრდით კიდევ უფრო შევძლოთ მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ქალთა ჩართულობის გაზრდა.

დღეს ნათლად დავინახეთ, რომ ეს რისკი რამდენად არსებითი იყო და შეიძლება, ჩვენ კვოტის გარეშე, დღევანდელ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც სიების დაკომპლექტებაზე წავიდოდა საუბარი, უფრო ნაკლები ქალიც გვეხილა“, – ამბობს პავლიაშვილი.

ექსპერტი განმარტავს, რომ 29-კაციანი სია შესაძლოა კვოტების მოწინააღმდეგეებისთვისაც მაგალითი გახდეს – „თუ რა რისკების წინაშე შეიძლება დავმდგარიყავით და რომ შეიძლება, პარლამენტი მთლიანდ დაკომპლექტებულიყო კაცებით“ – რაც დემოკრატიის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება.


პარლამენტმა 2 ივლისს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

წარდგენილი ცვლილებები მხოლოდ გარკვეულწილად ითვალისწინებს გენდერულ კვოტირებას და შემდეგი პრინციპი შემოაქვს:

  • 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოში უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ყოველ სამეულში მაინც უნდა იყოს ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის;
  • ამასთან, 2032 წლამდე, თუკი პარლამენტს წევრი გამოაკლდება, ის იმავე სქესის ადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს;
  • 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევრს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი);

კობახიძემ თქვა, რომ კვოტირება განიხილება, როგორც დროებითი ზომა, აქედან გამომდინარე, კვოტები გაწერილია სამი მოწვევის პარლამენტისთვის. 2020 წელს, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ქალი მაინც იქნება პარლამენტში, რაც მათ ახლანდელ რიცხვზე — 21-ზე მეტია.

ვრცლად:

რა წესებით [არ] ჩატარდება 2020 წლის არჩევნები – ცვლილებების განხილვა

მასალების გადაბეჭდვის წესი