ახალი ამბები

დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში სადღესასწაულო და სარიტუალო ღონისძიებები, მაქსიმუმ 100 სტუმრით

20 ივლისი, 2020 • 1545
დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში სადღესასწაულო და სარიტუალო ღონისძიებები, მაქსიმუმ 100 სტუმრით

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს”, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი