ახალი ამბები

“მწვანე ღილაკების პარადი” – დამოუკიდებელი დეპუტატების შეფასება “ოცნების” მაჟორიტარების სიაზე

20 ივლისი, 2020 • 1569
“მწვანე ღილაკების პარადი” – დამოუკიდებელი დეპუტატების შეფასება “ოცნების” მაჟორიტარების სიაზე

“ქართული ოცნების” ყოფილი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაარსებული ახალი პარტიის, “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დღეს, 20 ივლისს წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია მსხვილი ბიზნესების დახმარებით ცდილობს არჩევნებში გამარჯვებას.

“არავითარი ცვლილება არ განახორციელეს, ისევ ბიზნესემენების ხარჯზე აპირებენ არჩევნების მოგებას, ისევ იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებმაც საკუთარი ფული უნდა დახარჯონ რეგიონებში და პარტიამაც ამის საფუძველზე რამენაირად გაიმარჯვოს. არანაირად არ არის სტრატეგია შეცვლილი, ვერაფერი ისწავლა მმართველმა პარტიამ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ნაკლებია წარდგენილი გუბერნატორების გამარჯვების შანსები და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაასახელა. ნაცვლიშვილმა ასევე განმარტა, რომ ბიზნესის სფეროს წარმოამდგენლების კანდიდატებად დაყენება ცალსახად უარყოფითი არ არის, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” მყოფი ბიზნესმენების დიდი ნაწილი პროგრესულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის კანონპროექტებზე, რომელიც შეეხებოდა შრომას, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და ა.შ.

“მმართველი პარტია უკვე იქცა დიდი ბიზნესის მომსახურე პარტიად და აქედან გამომდინარე ეს დიდი ბიზნესი და “ქართული ოცნება” ერთმანეთს კვებავენ. აქედან გამომდინარე ყალიბდება ჩვეულებრივი ოლიგარქიული მმართველობა”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” კიდევ ერთ წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით კი, მმართველი პარტია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში, ვინც პარტიისთვის მხოლოდ “მწვანე ღილაკების” ფუნქციას შეასრულებს.

“ჩემთვის დღევანდელი წარდგინება მთლიანობაში არის “მწვანე ღილაკების პარადი”. ის, რაც ხდება პარლამენტში, თუ გაგრძელდა სამომავლოდაც, ანუ თუ იქნება მორჩილად აგრესიული უმრავლესობა, ამ ქვეყნას არაფერია ეშველება. ტენდენცია არის აქეთკენ. მეტი მორჩილი დეპუტატები, მეტი უტყვი პარლამენტარი – ეს არის, რასაც “ქართული ოცნება” საქართველოს პერსპექტივაში სთავაზობს”, – განმარტა ფოფხაძემ.

გარდა ამისა, ფოფხაძის შეფასებით, “ქართული ოცნება” ცდილობს გუბერნატორების ხარჯზე გამარჯვებას და არსებული ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას.

ამასთან, ფოფხაძის თქმით, მმართველი პარტიის მიერ 30 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალის წარდგენა მიანიშნებს, რომ პარტიას არ აქვს გააზრებული კვოტირების საკითხი, რომლის ინიცატორიც თავად იყო:

“თუ კვოტებს წერენ კანონში, არაფორმალური სურვილი, რომ ქალები დააყენონ პოლიტიკურ ასპარეზზე, ხომ უნდა გააჩნდეთ? ხელისუფლებაა, მეტი რესურსი და ვალდებულება აქვს, კანონში სავალდებულოდ რომ უხდიან ოპოზიციას, რომ ყოველი მეოთხე ქალი იყოს სიაში და ადგილობრივში- ყოველი მეორე, თვითონ მისცენ მაგალითი, რომ მათთვის ეს ღირებულია და მართლა აინტერესებთ”, – განაცხადა ფოფხაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მხოლოდ ერთი მაჟორიტარობის ქალი კანდიდატის წარდგენას პარადოქსად მიიჩნევს ბექა ნაცვლიშვილიც, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ კვოტირების საკითხის წინ წამოწევა “ქართული ოცნებისთვის” ტყუილის ნაწილია.

“პარადოქსულია ის, რომ თავად კვოტირების ხმალამოღებული მომხრეები იყვნენ და, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს არის ბლეფი და მცდელობაც კი არ ჰქონიათ, რომ რეალურად შეერჩიათ ქალი კანდიდატები. ქალების წინაშე უამრავი ბუნებრივი ბარიერია, რომლის საფუძველზეც ქალები პოლიტიკაში სრულფასოვნად მონაწილეობას ვერ ახერხებენ. თვითონ დააყენეს კვოტირების საკითხი, სხვას ხომ არ მოუთხოვია. თუმცა გამოჩნდა, რომ გათვითცნობიერებული საერთოდ არ აქვთ, რას ემსახურება ეს ყველაფერ”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, დღევანდელმა დღემ ასევე აჩვენა, რომ მმართველი პარტია საკუთარი კამპანიისთვის ეცდება კორონავირუსის თემით მანიპულირებას, რადგან დღესაც ძირითადი თემა იყო ის, თუ როგორ გაუმკლავდა “ქართული ოცნება” პანდემიასთან ბრძოლას, სამომავლო გეგმებზე კი საუბარი არ ყოფილა.

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი