ახალი ამბები

ცესკომ რესპუბლიკელები არჩევნებში არ დაარეგისტრირა

19 ივლისი, 2020 • 1777
ცესკომ რესპუბლიკელები არჩევნებში არ დაარეგისტრირა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

მიზეზი, როგორც ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებაში ვკითხულობთ, ისაა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ცესკოს რეგისტრაციის მიზნით ვადაგადაცილებით მიმართა, რაც უარის თქმის საფუძველი გახდა. იმ პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ანუ დეპუტატი არ ჰყავს, რეგისტრაციის მიზნით ცესკოს 15 ივლისამდე უნდა მიმართოს, რესპუბლიკელების განცხადება კი ჟვანიას განკარგულების თანახმად, მათ 15 ივლისს მიიღეს ანუ ერთი დღის დაგვიანებით.

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათ რეგისტრაციის განცხადება კანონით დადგენილ ვადაში, 14 ივლისს ჩააბარეს ფოსტას, რომელმაც ზუსტად 14-ში განცხადება ვერ მიაწოდა ცესკოს, თუმცა პარტიამ “თავისი ვალდებულება შეასრულა”, ანუ კანონით დადგენილ ვადაში გაგზავნა განცხადება ცესკოში.

მისი თქმით, კანონი სწორედ ასე უნდა განიმარტოს, რადგან საარჩევნო კოდექსში არასად წერია, რომ 15 ივლისამდე ფიზიკურად უნდა მიიტანო განცხადება. მისი თქმით, კანონი არც განცხადების ფოსტით გაგზავნას კრძალავს.

კორძაია არ ეთანხმება ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მათ სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც ხვალ, 14 საათზე გაიმართება.

მისივე თქმით, თუ სასამართლოც გაიზიარებს ცესკოს თავმჯდომარის არგუმენტაციას ისინი სხვა პარტიებთან პარტნიორობაზე იფიქრებენ, რის თაობაზეც მანამდეც მსჯელობდნენ.

“გულდასაწყვეტია ასეთი განმარტება და მიზანიც არ ჩანს, რატომ არის ასეთი ხისტი ცესკოს დადგენილება. ეს ხომ წინასაარჩევნო პერიოდი არ არის, როცა ვადები განსაკუთრებით სასიცოცხლოა და რაღაცას ვერ ასწრებენ. გვიან რომ გავეტარებინეთ რეგისტრაციაში, ჩვენ დავკარგავდით 2-3 დღეს ხელმოწერების შეგორვებისთვის (რომელიც რეგისტრაციის შემდგომი პროცესია), თორემ, თვითონ ცესკოს საარჩევნო მიზნებისთვის არანაირი ზიანი არ ადგება. კანონის განმარტებაც მიზანშეწონილობიდან და იმ მიზნებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს, რისთვისაც ეს წესები დადგენილი არის. ცალსახად არის საჯარო ინტერესი ის, რომ ბევრი პარტია იყოს დარეგისტრირებული”, – ამბობს კორძაია.

როგორც ცნობილია, ცესკოს არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით 68 პარტიამ მიმართა. ამ პარტიებს კიდევ დაემატებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პარლამენტში ჰყავთ წარმოდგენილი დეპუტატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი