ნეტგაზეთი | აშშ-ის ელჩი ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტზე აშშ-ის ელჩი ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტზე – Netgazeti
RU | GE  

აშშ-ის ელჩი ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტზე

“დავამატებდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული”, – ეს განცხადება “ბათუმელებისთვის’ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა აშშ-ს კონგრესის ასიგნაციების კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2021 წელს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტის შეიძლება შეჩერდეს თუ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს

ბათუმელების კითხვაზე, რა რისკის შემცველია ეს კანონპროექტი საქართველოს მთავრობისთვის? ელჩმა უპასუხა:

“ვფიქრობ, ამ სურათს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. ერთი მხრივ საუბარია 15 პროცენტზე, მაგრამ გამოყოფილი თანხა 135 მილიონი დოლარია. ეს საკმაოდ დიდი თანხა, მოცულობით მეორე ადგილზე ევროპის ქვეყნებისთვის. გასაგებია, რომ დიდი ინტერესი და სურვილი აქვთ კონგრესის წევრებს იხილონ საქართველოს წარმატება. საქართველო მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, არამედ იმითაც, თუ ამ წლების განმავლობაში, როგორ უჩვენა ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ და იმის მიმართ, თუ რისი გაკეთება შეუძლია, რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

დავამატებდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. კონგრესმენებს ერთის მხრივ აქვთ სურვილი იხილონ წარმატებული და განვითარებული საქართველო, მაგრამ მეორე მხრივ, აქვთ კითხვები და ამავდროულად არიან ანგარიშვალდებული თავიანთი ამომრჩევლის, გადასახადების გადამხდელთა წინაშე. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ აღნიშნული ინვესტიციები სწორად, პასუხისმგებლიანად იხარჯება და ემსახურება საქართველოს, როგორც ამერიკის დემოკრატიული პარტნიორის განვითარებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკარნახობთ, რა, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს, თუმცა გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს თანხები ხმარდება იმ გზას, რაც საქართველოს აქვს არჩეული – ეს არის სვლა ძლიერი დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისკენ”, – განაცხადა ელჩმა ინტერვიუში.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა 9 ივლისს მიიღო „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონი“. მართალია, კომიტეტმა კანონს მხარი დაუჭირა, მაგრამ ოფიციალურად ის ჯერჯერობით დამტკიცებული არაა — იგი უნდა მიიღოს ჯერ წარმომადგენელთა პალატის სრულმა შემადგენლობამ, შემდეგ სენატმა, ბოლოს კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

ნახეთ, რას ნიშნავს ეს კანონპროექტი საქართველოსთვის და როგორ ეხმაურებიან მას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში:

„სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი