ახალი ამბებისამართალი

დაიწყება თუ არა გამოძიება ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ამბავზე

19 ივლისი, 2020 • 1534
დაიწყება თუ არა გამოძიება ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ამბავზე

ჯერჯერობით უცნობია დაიწყება თუ არა გამოძიება მარნეულის სოფელ არაფლოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც ადგილობრივი ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიცია მათ სახლში ნარკოტიკის ჩადებას ცდილობდა.

სამოქალაქო აქტივისტმა რაშან ზიადალიევმა 2 დღის წინ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები სახლს ჩხრეკენ. ზიადალიევის თქმით, ჩხრეკა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში მოხდა, რა დროსაც პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალების ჩადება სცადეს.

“დღეს, მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი სახლში ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალება ჩაიდო. ესეც ვიდეო ფაქტია. 3:35 წუთის შემდეგ ყურადღებით უყურეთ,”-წერს აქტივისტი.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა და ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას ჩხრეკის ჩატარების უფლება არ მისცა. მომხდარზე გამოძიება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

“სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედება- ჩხრეკას, ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე და 381 მუხლის პირველი ნაწილით,” – აცხადებენ შსს-ში.

ოჯახის წარმომადგენლები კი “მთავარი არხის” ცნობით, ამბობენ, რომ ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ დადო რაღაც პოლიციელმა მაგიდის ქვეშ, მათი პროტესტის შემდეგ კი ის პოლიციელებმა უკან წაიღეს. ოჯახის ერთი წვერი იმასაც ამბობს, რომ დაპირისპირებისას პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აჰმედ იმამკულიევი, ევროპული საქართველოს წევრი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ნარკოტიკის სავარაუდო ჩადების გამოძიების თხოვნით პროკურატურას მიმართა. პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომენტარი ორშაბათისთვის გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი