ახალი ამბები

პრეზიდენტისთვის კრიტიკა თმენის ვალდებულების ნაწილია – ლომჯარია

17 ივლისი, 2020 • 905
პრეზიდენტისთვის კრიტიკა თმენის ვალდებულების ნაწილია – ლომჯარია

სახალხო დამცველი პრეზიდენტის საპასუხოდ აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილზე დისკრიმინაციული განცხადებები იქნება თუნდაც გენდერული ნიშნით, ამაზე ომბუდსმენს შესაბამისი რეაგირება ექნება.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ბულინგის მსხვერპლი, ნინო ლომჯარია პასუხობს, რომ მისი მანდატი არ ითვალისწინების შეაფასოს, საზოგადოების მხრიდან ხორციელდება თუ არა რომელიმე თანამდებობის პირის მიმართ ბულინგი. ლომჯარიას თქმითვე, მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, ჩათვალა, რომ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე, ძალადობრივი გარჩევის რომანტიზებას ახდენდა.

“თუ ის, როგორც პრეზიდენტი, დაექემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით ან მის მიმართ ისეთი განცხადებები გაკეთდება, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამაზე სახალხო დამცველს რეაგირება აუცილებლად ექნება. ამ ქვეყანაში თანამდებობის პირები ყველანი ვექვემდებარებით ხშირ შემთხვევაში ძალიან მკაცრ კრიტიკას, აგრესიულ განცხადებებს და ა.შ. ეს ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილია. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება. ვფიქრობ, შესაძლოა მისთვის ესა თუ ის შეფასება და კრიტიკა სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. კიდევ ვიმეორებ, თუ მისი კრიტიკა დისკრიმინაციულ ჭრილში იქნება გაკეთებული და მას გააკრიტიკებენ როგორც ქალს და მოხდება ამით დისკრიმინაციის წახალისება, ამაზე გვექნება შესაბამისი რეგირება”,-ამბობს ლომჯარია.

დღეს, 17 ივლისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე არასდროს რეაგირებს.

ადმინისტრაციის აღნიშნული განცხადება ნინო ლომჯარიას მხრიდან ზურაბიშვილის კრიტიკას მოჰყვა. ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას თქვა – „ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის არაქართული“.

ლომჯარიამ ეს განცხადება შემდგომ გააკრიტიკა და განმარტა, რომ „ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა ძალადობაა და ეს კრიმინალია“.

ომბუდსმენი არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის მიმართ შეურაცხყოფაზე – ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი