ახალი ამბები

რატომ არ გაიარა ზალკალიანმა კარანტინი ბელგიიდან ჩამოსვლის შემდეგ

16 ივლისი, 2020 • 1332
რატომ არ გაიარა ზალკალიანმა კარანტინი ბელგიიდან ჩამოსვლის შემდეგ

ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნებულ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს კარანტინი არ გაუვლია და დღეს მთავრობის სხდომას ესწრებოდა.

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს მთავრობას მიმართა და დაინტერესდა, გადავიდოდა თუ არა ზალკალიანი კარანტინში, მით უმეტეს, რომ ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ. გამწვანებული ქვეყნების სიაში არ შეუყვანია.

„თუ არ გაივლის დავით ზალკალიანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა „გაუმწვანებელ“ ქვეყანაში, და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში და რომელთა მოქალაქეებსაც, ამავე დროს, კარანტინს არ ვთხოვთ“, – განაცხადა კანდელაკმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმალობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

“2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში. აღნიშნული ვიზიტი თავისი შინაარსით გახლდათ ძალზედ მნიშვნელოვანი და დატვირთული. საქართველოს დელეგაციამ ალიანსის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიაში, გაიმართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც იმ დროს ასრულებდა გენერალური მდივნის ფუნქციას, ასევე შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაში და ევროპარლამენტში. თავად ის ფაქტი, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის ფიზიკური დასწრებით გამართვის თაობაზე და აღნიშნულ სხდომაზე მიიწვიეს საგარეო საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და იმ აქტიურ მუშაობას, რასაც ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ახორციელებს. მოხარულები ვართ, რომ კომისიის სხდომამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და ჩვენმა ქვეყანამ მოკავშირეების მხრიდან კვლავ დაიმსახურა მაღალი შეფასებები”, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.

უწყების თქმით, სახელმწიფო და მისი თითოეული მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად უწყება უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება არსებული რეკომენდაციების დაცვას.

“ეს დადასტურდა კიდეც COVID-19 პანდემიის ეფექტიანი და შედეგიანი მენეჯმენტით, რომელიც აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე”, – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი