ახალი ამბები

ტურიზმში დასაქმებულები კარანტინის გაუქმებასა და საზღვრების გახსნას ითხოვენ

15 ივლისი, 2020 • 1500
ტურიზმში დასაქმებულები კარანტინის გაუქმებასა და საზღვრების გახსნას ითხოვენ

საზღვრების გახსნა უფრო მეტ ქვეყანასთან და საქართველოს მოქალაქეებისთვის 14-დღიანი კარანტინის გაუქმება – ეს იყო ძირითადი მოთხოვნები იმ აქციისა, რომელიც დღეს, 15 ივლისს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს.

ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის მშვიდობიანი აქცია “ტურიზმის გადასარჩენად” 12 საათზე გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან დაიწყო, საიდანაც მომიტინგეებმა მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. აქციაში მონაწილეობა გიდებმა, ტურ-ოპერატორებმა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა სხვა პირებმა მიიღეს.

“ჩვენი მოთხოვნა საჰაერო მიმოსვლის არა მხოლოდ დღეისთვის არსებულ 5 ქვეყანასთან, არამედ მწვანე ზონაში მოხვედრილ სხვა სახელმწიფოებთანაც აღდგენაა. საქართველოში უმძიმესი კრიზისული მდგომარეობაა, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რაც დაახლოებით 70%-ს უტოლდება, შემოსავლისა და სამსახურის გარეშეა დარჩენილი, ამიტომ გვიჩნდება მთავარი კითხვა – რა უნდა ვქნათ ჩვენ?”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი სალომე ჭაჭუნაშვილი.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 14-დღიანი კარანტინის გავლის გაუქმებაა. მათი თქმით, იზოლაციაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მოთავსება ალოგიკურია და სახელმწიფოსგან ზედმეტი ხარჯებს მოითხოვს. ორგანიზატორების მოსაზრებით, ამ შემთხვევაში PRC ტესტების გამოყენება ბევრად უკეთესი გამოსავალი იქნებოდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს ითვალისწინებენ და მთავრობის მიმართ მოთხოვნებს ზოგადი ეპიდემიური მდგომარეობის მიხედვით აყენებენ.

მწვანე ზონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან ერთად, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ “ვიზეარსა” და “რაინეარს” ფრენების ჩვეულ რეჟიმში აღდგენის საშუალება მიეცეთ. ასევე, არ მიეცეს რომელიმე კონკრეტულ კომპანიას რეისების განხორციელების ექსკლუზიური უფლება, როგორც ეს “აირზენას” შემთხვევაში მოხდა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ეს ქუთაისის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი გზაა.

“გადავარჩინოთ ტურიზმი” – აქცია-მსვლელობა თბილისში. 15 ივლისი, 2018. ფოტო: თამარ ხმიადაშვილი/ნეტგაზეთი

“გადავარჩინოთ ტურიზმი” – აქცია-მსვლელობა თბილისში. 15 ივლისი, 2018. ფოტო: თამარ ხმიადაშვილი/ნეტგაზეთი

ტურიზმის სფეროში დასაქმებულები მთავრობისგან რეგულარული ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღს ელოდებიან.

“ჩვენ ისეთ ადამიანთან საუბარი გვსურს, ვინც ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს. ასეთი არც ეკონომიკის სამინისტრო და არც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არ აღმოჩნდა. ჩვენ შეხვედრას მოვითხოვთ თუნდაც პრემიერ-მინისტრთან”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლა უპირობოდ გახსნილი აქვს ბალტიის ქვეყნებთან, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი