ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არ მინდა ომი!” – აზერბაიჯანის საზოგადოების ნაწილმა კამპანია დაიწყო

15 ივლისი, 2020 • 2319
“არ მინდა ომი!” – აზერბაიჯანის საზოგადოების ნაწილმა კამპანია დაიწყო

ავტორი: გუნელ მევლუდი


აზერბაიჯან-სომხეთის შეირაღებული დაპირისპირების ფონზე, ომის დაწყების მომხრე საზოგადოების მიტინგების პარალელურად, სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილმა დაიწყო აქცია “არ მინდა ომი!” [#müharibəistəmirəm»]. სწორედ ამ ჰეშთეგით ფეისბუკზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მოქალაქე პაციფისტური შინაარსის პოსტებს წერს.

“ომი კი არა, დემოკრატიული ქვეყანა გვინდა!”, – წერს ისტორიის პროფესორი ალტაი გეუშევი.

“ვურჩევ მათ, ვისაც ომი უნდა, ფსიქოლოგს მიმართონ”, – წერს ფსიქოლოგი დილგიამ შაბანოვი.

“ბევრი ამბობს, რომ პაციფისტიც რომ იყო, ქვეყნის სამხედრო ინტერესები მაინც უნდა დაიცვა. რა სისულელეა. თუ ომის მხარდამჭერი ვიქნები, პაციფისტი რანაირად გამოვიდვარ? პაციფისტი სწორედ ისაა, ვინც ომის დროს მის წინააღმდეგ გამოდის”,- წერს ფილოსოფოსი ტინაი მუშტიევა.

“ომი ამორალურია!”, – წერს მწერალი გუნელ მევლუდი.

“თუკი ტალახს გვესვრით, რომ ამ ფარსს, სახელად ომს, მხარს არ ვუჭერთ, დაე, ასე იყოს. მე არ მინდა ომი”, – წერს მუნიციპალიტეტში ახლახან არჩეული დეპუტატი, ფემინისტი ვაფა ნაგიევა.

საომარი მოქმედებების წინააღმდეგ ის მოქალაქეებიც წერენ, ვინც აქამდე საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

“ომი დანაკარგია, ჩვენი შვილების სიკვდილი, ღარიბებების შვილების სიკვდილი. ომი სიღარიბე და შიშია. მე მინდა ყარაბაღი, მაგრამ არ მინდა ომი!”, – წერს ეკონომისტი ხალდუნ ნოვრუზოვი, რომელიც სომხეთიდან დევნილია.

ახალგაზრდების ნაწილის პაციფისტური განწყობები დღეს აზერბაიჯანში ბევრს არ მოსწონს, თუმცა, სოციალურ ქსელებში რეაქციებიდან გამომდინარე, არც ისე ცოტა ადამიანმა დაუჭირა მათ მხარი.

14 ივლისს საღამოს ბაქოში აზერბაიჯანული არმიის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებულ მსვლელობაზე რამდენიმე ათასი ახალგაზრდა აზერბაიჯანის დროშებით ხელში ყვიროდა: “მთავარსარდალო, მობილიზაცია გამოაცხადე”, “წინ, ჯარისკაცებო!”, “ყარაბაღი ჩვენია” და ა.შ. მედიის ცნობით, არასანქცირებულ მსვლელობაზე მომიტინგეებს უკან პოლიციის ეკიპაჟები მიჰყვებოდნენ, რომელთაც მსვლელობისთვის ხელი არ შეუშლიათ.


აზერბაიჯანის თანახმად, ვითარების დაძაბვიდან ამ დრომდე 11 ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაკარგეს, სომხეთი კი აცხადებს, რომ 4 ჯარისკაცი დაეღუპათ.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. ამჯერად შედარებით ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, რაც იშვიათობაა.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი