ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ორივე ხელით ვეთანხმები რუსეთის შემადგენლობაში შესვლას” – ბიბილოვი

14 ივლისი, 2020 • 1449
“ორივე ხელით ვეთანხმები რუსეთის შემადგენლობაში შესვლას” – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, აფხაზური მხარისგან განსხვავებით, დადებითად აფასებს რუსული პარტიის “სიმართლისთვის” წინადადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით.

“გაგებით ვეკიდები ზახარ პრილეპინის განცხადებას, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ნამდვილი პატრიოტია. ჩვენ, ოსები, ასევე რუსეთის პატრიოტები ვართ, რამდენადაც რუსეთს ყოველთვის ჩვენს ისტორიულ სამშობლოდ მივიჩნევდით.

ღმერთს მადლობას ვეტყოდი, თუკი პრილეპინის განცხადებას რეალური ნაბიჯები მოჰყვებოდა. როგორც პრეზიდენტი და როგორც ოსი, ორივე ხელით ვეთანხმები რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

ჩვენ საქართველოსგან დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, სამხრეთელი ოსების სწრაფვა ყოველთვის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ოსეთის ხალხის გაერთიანება იყო. გარდა ამისა, ჩემი არჩევით, სწორედ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი ოსმა ხალხმა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზეც”, – ამბობს ბიბილოვი ინტერვიუში.

რუსი მწერლის, ზახარ პრილეპინის პარტია “სამართლიანობა” გამოდის ინიციატივით, თვითაღიარებული რესპუბლიკების რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. პრილეპინის განცხადებას გამოეხმაურა სოხუმიც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს რუსი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი საკითხების წამოჭრას, ვინაიდან “აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რუსეთთან მხოლოდ სტრატეგიული და სამოკავშირეო ურთიერთობები სურს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი