ახალი ამბები

ქალზე/ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი – შსს

13 ივლისი, 2020 • 1542
ქალზე/ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების საფრთხის არსებობისას, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა შესაძლებელი იქნება.

უწყება წერს, რომ შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო. ცვლილებები ძალაში 2020 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.

კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

„ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას მხედველობაში იქნება მიღებული, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი მოხდება“, – ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა.

ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია, ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი“, – ამბობს უწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი