ახალი ამბები

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ესკალაცია მშვიდობიანად აღმოიფხვრება

13 ივლისი, 2020 • 1767
ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ესკალაცია მშვიდობიანად აღმოიფხვრება

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო.

“დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის – მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის”, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.


გუშინ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, მხარეთა ცნობით, ამჟამადაც გრძელდება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ ერთმანეთის მისამართით ცეცხლის გახსნასა და „პროვოკაციებში“.

“კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, გუშინ და ამ ღამით მტერს ადეკვატურად ვუპასუხეთ. ჩვენ შური ვიძიეთ ჩვენი ჯარისკაცების გამო. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და დავიცავთ საკუთარ თავს და მტერს ადგილზე მოვსვამთ”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმ დღეს, 13 ივლისს, ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

თავდაპირველად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტავუშის [აზერბაიჯანულად თოუზის] მიმართულებით პროვოკაცია მოაწყვეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უხეშად დაარღვიეს.

„საარტილერიო დანადგარებიდან ისროლეს ჩვენი პოზიციების მიმართულებით. ორივე მხარეს დანაკარგია. სროლა ამჟამადაც მიმდინარეობს“, – აცხადებდა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხუთი კი დაიჭრა.

ერევანმა, თავის მხრივ, ბაქო დაადანაშაულა [სომხეთის] „პოზიციების დაკავების მიზნით დაწყებულ საარტილერიო თავდასხმაში“. სომხეთს სამხედრო პერსონალის დაღუპვის შესახებ ცნობა არ დაუდასტურებია, თუმცა დღეს, ერევნის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა”.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი