ახალი ამბები

“გირჩი” არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის Tesla-ს ათამაშებს

13 ივლისი, 2020 • 2310
“გირჩი” არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის Tesla-ს ათამაშებს

პოლიტიკური პარტია “გირჩი” აპირებს, არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის ავტომობილი Tesla გაათამაშოს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია  ავრცელებს.

“გირჩში” ამბობენ, რომ გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თუმცა ამისთვის რამდენიმე პირობის შესრულებაა საჭირო, მათ შორის, პარტიის საიტზე დარეიგსიტრირება და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან ფოტოს გადაღება იმის დასტურად, რომ არჩევნებზე იყო მისული.

“გირჩისთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს, ახალი ცვლილებების მიხედვით ჩატარებულ არჩევნებში მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული გათამაშება” ,- აცხადებს პარტია.

“გირჩისვე” ინფორმაციით, გათამაშებისთვის ავტომობილს იმ შემთხვევაში იყიდის, თუ პარტია პარლამენტში მოხვდება და სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს. პარტიაში მანქანის შესაძენად სწორედ აღნიშნული ფულის დახარჯვის პირობას დებენ.

“გირჩი არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ Tesla-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „გირჩი“, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla-ები გათამაშდება”, — აცხადებს იგი.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმების თანახმად, რომელიც უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შედგა, 2020 წლის არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, 30 კი- მაჟორიტარული ოლქიდან.

ცვლილებების მიღებას პარლამენტში არ დაუჭირა ოპოზიციამ. „ევროპულ საქართველოში“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მმართველმა გუნდმა ბოლომდე არ შეასრულა, რადგანაც პატიმრობიდან არ გაათავისუფლა გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს. „ოცნებაში“, თავის მხრივ, ამბობენ, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე არაფერი იყო ნათქვამი.

მასალების გადაბეჭდვის წესი