ახალი ამბები

დაასრულებს თუ არა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდებს – გამყრელიძის პასუხი

13 ივლისი, 2020 • 927
დაასრულებს თუ არა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდებს – გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელსაც რამდენიმე დღის კორონავირუსი გამოუვლინდა, მკურნალობის დასრულებამდე გამოცდებზე გასვლას ვერ შეძლებს. თუმცა მისი გამოჯანმრთელების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.

„ეს აბიტურიენტი დღეს გახლავთ პაციენტი, ის ინფიცირებულია და გადის მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სრულად მალე გამოჯანმრთელდება.

ის პაციენტია და გადის მკურნალობას. ამიტომ ჯერჯერობით ის გამოცდებზე ვერ გავა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, მას შეეძლება თუ არა [გამოცდების დასრულება], უნდა მიიღოს და მიიღებს განათლების სამინისტრო“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება 9 სხვა აბიტურიენტსა და 3 ზედამხედველს, რომლებიც ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად გამოცდაზე იმყოფებოდნენ – გამყრელიძე განმარტავს:

„მათ ჩაუტარდათ პისიარ ტესტირება, ყველა პასუხი უარყოფითია. ამ 9 აბიტურიენტს მიეცათ საშუალება, რომ გასულიყვნენ მეორე გამოცდაზე, წინასწარი ტესტირების შემდეგ. თითოეული მათგანი კარანტინშია გადაყვანილი და მათი გამოცდაზე გასვლა ორგანიზებულად ხდება, რათა მათ წელიწადი არ გაუცდეთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

10 ივლისს გამყრელიძემ განაცხადა, რომ აბიტურიენტს, რომელიც გამოცდაზე გავიდა, კორონავირუსი გამოუვლინდა. მასთან ერთად, საგამოცდო სივრცეში 9 აბიტურიენტი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ფეისბუკზე განცხადება გაავრცელა ინფიცირებული აბიტურიენტის ოჯახის წევრმა. მისი თქმით, აბიტურიენტმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, ვოკალში ყველაზე მაღალი – 98 ქულა აიღო და, ფაქტობრივად, გაინაღდა უფასო ადგილი.

“მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს, აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ”, – წერდა აბიტურიენტის ოჯახის წევრი.

გამოცდებზე გასულ ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი