ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი მზაობას გამოთქვამს, ერევანსა და ბაქოს სიტუაციის დალაგებაში დაეხმაროს

13 ივლისი, 2020 • 1132
მოსკოვი მზაობას გამოთქვამს, ერევანსა და ბაქოს სიტუაციის დალაგებაში დაეხმაროს

12 ივლისს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას და საბრძოლო მოქმედებებს დღეს, 13 ივლისს, მოსკოვი გამოეხმაურა.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მოულოდნელი გამწვავების გამო. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, გამოიყენება არტილერია. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.

მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია ესკალაცია გაგრძელდეს, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისკენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრად დაცვისკენ. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, სიტუაციის სტაბილიზირებაში მხარეებს დაეხმაროს”, – წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გუშინ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, მხარეთა ცნობით, ამჟამადაც გრძელდება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ ერთმანეთის მისამართით ცეცხლის გახსნასა და „პროვოკაციებში“.

“კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, გუშინ და ამ ღამით მტერს ადეკვატურად ვუპასუხეთ. ჩვენ შური ვიძიეთ ჩვენი ჯარისკაცების გამო. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და დავიცავთ საკუთარ თავს და მტერს ადგილზე მოვსვამთ”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმ დღეს, 13 ივლისს, ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

თავდაპირველად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტავუშის [აზერბაიჯანულად თოუზის] მიმართულებით პროვოკაცია მოაწყვეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უხეშად დაარღვიეს.

„საარტილერიო დანადგარებიდან ისროლეს ჩვენი პოზიციების მიმართულებით. ორივე მხარეს დანაკარგია. სროლა ამჟამადაც მიმდინარეობს“, – აცხადებდა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხუთი კი დაიჭრა.

ერევანმა, თავის მხრივ, ბაქო დაადანაშაულა [სომხეთის] „პოზიციების დაკავების მიზნით დაწყებულ საარტილერიო თავდასხმაში“. სომხეთს სამხედრო პერსონალის დაღუპვის შესახებ ცნობა არ დაუდასტურებია, თუმცა დღეს, ერევნის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა”.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი