ნეტგაზეთი | საგარეო: მოვითხოვთ დაჭრილი მოქალაქის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას საგარეო: მოვითხოვთ დაჭრილი მოქალაქის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას – Netgazeti
RU | GE  

საგარეო: მოვითხოვთ დაჭრილი მოქალაქის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი და დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ ქართული მხარისთვის გადაცემას მოითხოვს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას:

“ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულვებელყოფას.

მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, რომლებიც უკანონოდ არიან განლაგებული საქართველოს ტერიტორიის შუაგულში და უხეშად არღვევენ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლება აყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის” – აცხადებენ უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება.

სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად.

“საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი კაცი ახალგორის კლინიკაშია” – გიგაური

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.