ახალი ამბები

შსს: მედიაში ანონსის შემდეგ, 24 ივნისს თბილისში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები დავაკავეთ

11 ივლისი, 2020 • 1099
შსს: მედიაში ანონსის შემდეგ, 24 ივნისს თბილისში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები დავაკავეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიაში გასული ანონსის შემდეგ, 24 ივნისს თბილისში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მას შემდეგ კი, რაც 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას, უწყებამ ამ საქმეზე ორი პირი დააკავა, ერთი კი განყოფილებაში საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა:

“ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ. ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა” – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი