ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

10 ივლისი, 2020 • 3186
კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, თუ რა მიზეზით გაძვირდა პური 2018 წლის დეკემბერში. როგორც დღეს, 2020 წლის 10 ივლისს, საააგენტოს დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობა.

“ძალიან ხშირად ისმოდა შეკითხვა, რატომ ამდენი ხანი. წარმოდგენილი მაქვს სამუშაოს ქრონოლოგია, იმ სამუშაოსი, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში კონკურენციის სააგენტო ახორციელებდა. ჩვენი საბოლოო დასკვნა ამ პროცესში შემდეგია: 2018 წლის 10 დეკემბრის ფასების გაძვირების პროცესი განპირობებული იყო კომპანიების მხრიდან გონივრული საფუძვლით, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება. [გაძვირება] მოხდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა რომელიმე კონკრეტულ რეგიონში”,- განაცხადა ლექვინაძემ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ დასჭირდა სააგენტოს ამდენი დრო, ლექვინაძე გვპასუხობს, რომ დოკუმენტების შესწავლის პროცესი, როგორც წესი, გრძელვადიანია.

საქართველოში პური 5-10 თეთრით 2018 წლის დეკემბერში გაძვირდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს გაძვირების მიზეზის შესწავლა დაავალა.

დღეს, როცა 2018 წლის დეკემბერში პურის გაძვირების მიზეზი დადგენილია, მამუკა ბახტაძე პრემიერი აღარ არის. მან ეს პოზიცია აღნიშნული დავალების გაცემიდან რამდენიმე თვეში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი