ახალი ამბები

ქანიე ვესტი თავის პარტიას “დაბადების დღის პარტიას“ არქმევს

10 ივლისი, 2020 • 1389
ქანიე ვესტი თავის პარტიას “დაბადების დღის პარტიას“ არქმევს

ამერიკელმა რეპერმა და კიმ კარდაშიანის ქმარმა ქანიე ვესტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტად კენჭისყრის შესახებ გამოაცხადა, Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კენჭს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე “დაბადების დღის პარტიის” სახელით იყრის.

თავის გადაწყვეტილებას ვესტი ასე განმარტავს: “როცა ჩვენ ვიგებთ, ყველას დაბადების დღეა”.

ვესტმა ასევე გამოხატა პოზიცია პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების — დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მიმართ. მისი თქმით, ტრამპს მხარს აღარ უჭერს და “წითელი ქუდი მოიხსნა” (იგულისხმება დონალდ ტრამპის ქუდი, წარწერით “გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული ” — Make America Great Again).

“არ მომეწონა, როცა ბუნკერში დაიმალა”, — განაცხადა რეპერმა ტრამპზე საუბრისას (იგულისხმება შემთხვევა, როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესო აქციებისას ბუნკერში ჩავიდა. მოგვიანებით ტრამპმა თქვა, რომ ბუნკერში მისი “ინსპექტირების” მიზნით იმყოფებოდა).

ვესტი ინტერვიუში ყოფილ ვიცე-პრეზიდენტსა და დემოკრატების კანდიდატ ბაიდენსაც აკრიტიკებს:

“ხშირად ისეა, პოლიტიკური პარტიები გრძნობენ, რომ ყველა შავკანიანი  უნდა იყოს დემოკრატი. ამ კაცმა, ჯო ბაიდენმა თქვა, მე თუ არ მომცემ ხმას, შავკანიანი არ ხარო. კარგი, ისე მოვიქცეთ, თითქოს [ეს] ვერ გავიგეთ? მოვიქცეთ, თითქოს ვერ გავიგეთ, ამ კაცმა რომ ეს თქვა? ამ კაცმა ეს თქვა. ეს რეპია. წავალთ, ყველანი წავალთ”, — აღნიშნა ვესტმა.


კანიე ვესტმა პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი კიდევ ერთხელ 2020 წლის 5 ივლისს დააფიქსირა. მას იმავე დღეს მხარი დაუჭირა ილონ მასკმა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მასსა და რეპერს შორის უფრო მეტი უთანხმოება იყო, ვიდრე ეგონა.

ქანიე ვესტი ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი