ახალი ამბები

მოწმის სამალავის მიმდებარედ ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია – შსს

9 ივლისი, 2020 • 703
მოწმის სამალავის მიმდებარედ ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია და ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქე ჯართის შეგროვების მიზნით ადგილზე მეტალს ამუშავებდა, ამ პროცესში კი ბალახს ცეცხლი მოეკიდა.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული პირი, ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს”,-აცხადებენ შსს-ში.

7 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის სამალავის მიმდებარე ტერიტორიის დაწვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ბორცვაძის თქმით, გამოძიებით დადგინდება, აღნიშნული ადგილი განზრახ დაწვეს, თუ გარკვეული გაუფრთხილებლობიდან გამომდინარე.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოწმე გური ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პოლიციამ ტერიტორიას ყვითელი ლენტი შემოავლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი