ახალი ამბები

უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

9 ივლისი, 2020 • 1027
უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობითვე, ბრალდებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყალბი ფულის ლეგალიზაციას ახდენდნენ, შემდეგ საქართველოში შემოჰქონდათ და საფინანსო/ფულად საკრედიტო სისტემაში ათავსებდნენ.

“2019 წლის მანძილზე, სხვადასხვა დროს, [ბრალდებულები] იმყოფებოდნენ კოლუმბიის, გაბონის, ეთიოპიის ფედერაციულ და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში, სადაც ძირითადად ფულადი თანხების კონვერტაციისას აშშ დოლარის/ევროს ყალბი და დაბალი ნომინალების კუპიურების გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავდათ სხვადასხვა ფიზიკური პირები, სავალუტო ჯიხურების და საფინანსო/საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოტყუებით ეუფლებოდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით [ბრალდებულები] ფულადი თანხები შემოჰქონდათ საქართველოში. მათი წარმოშობის წყაროს და რეალური ბუნების შენიღბვის მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში უთითებდნენ არასწორ/არასრულყოფილ ინფორმაციას და შემდგომში უძრავ/მოძრავ ქონებებში ინვესტირების, საბანკო ანგარიშებზე განთავსების და მრავლობითი ტრანზაქციების განხორციელების, ასევე სათამაშო აზარტულ თამაშებში ჩართვის და შემდგომში გამოყენების გზით ახდენდნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემას” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის თანახმად, ამ გზით ბრალდებულებმა  239 999 აშშ დოლარის და 226 170 ევროს ოდენობის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია შეძლეს, რომლის ნაწილიც – 191 170 ევრო და 999 აშშ დოლარი გამოძიებამ ამოიღო. პროკურატურის ინფორმაციითვე, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში დაკავებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტებზე ასევე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.

დაკავებულებს ბრალი  სსკ-ის 194 ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი