ახალი ამბები

რქაწითელი და კახური მწვანე 80 თეთრზე ნაკლები არ ეღირება – გახარია

9 ივლისი, 2020 • 1382
რქაწითელი და კახური მწვანე 80 თეთრზე ნაკლები არ ეღირება – გახარია

სახელმწიფო რთველს სუბსიდირებას მოახდენს და აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვებშიც ჩაერთვება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 ივლისს, მთავრობის სხდომაზე გაახმიანა.

მისი თქმით, ეს “მინიმალური შესაძლებლობაა”, რომლის გამოყენებაც მთავრობას კორონავირუსის კრიზისის პირობებში მევენახეთა დასახმარებლად შეუძლია.

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომელთა ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. თუ უკიდურესი აუცილებლობა იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში”, – აღნიშნა მან.

გახარიამ მევენახეობის განვითარების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულმა ფაქტორმა უბიძგა მთავრობას, ამ დარგში დასაქმებულთათვის ანტიკრიზისული გეგმა მოემზადებინა. მისი თქმით, სახელმწიფომ კრიზისის პირობებში მათ დასახმარებლად “ყველაფერი გააკეთა”.

“ბოლო წლების მანძილზე, ყველას მოგეხსენებათ, როგორ ვითარდება ქართული მევენახეობა და მეღვინეობა. რეკორდული იყო 2019 წელი, როცა საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა.

საერთოდ, მეღვინეობა ქართულ ექსპორტში 2012 წელს იყო დაახლოებით 2.5% და დღეის მონაცემებით, ეს არის 6%. ეს არის დარგის ზრდისა და განვითარების სეროზული დინამიკა და შეუძლებელი იყო, ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი