ახალი ამბები

WHO: კორონავირუსის ჰაერით გადაცემის გამორიცხვა არ შეიძლება

8 ივლისი, 2020 • 1062
WHO: კორონავირუსის ჰაერით გადაცემის გამორიცხვა არ შეიძლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით (WHO), კორონავირუსის ჰაერით გადაცემის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება.

„გარდიანის“ ცნობით, ორგანიზაციაში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც მეცნიერების ჯგუფმა გამოთქვა აზრი, რომ WHO სათანადოდ არ აფასებდა ადამიანებს შორის ჰაერში კორონავირუსის გადაცემის რისკს.

ჟენევაში ბრიფინგის საუბრისას, ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხში, ბენედეტა ალეგრანზიმ თქვა: „არ გამორიცხავენ საჯარო სივრცეში ჰაერით გადაცემის შესაძლებლობას — განსაკუთრებით, სპეციფიკურ პირობებში — დახურულ სივრცეში ხალხმრავლობის ან ცუდი ვენტილაციის შემთხვევაში. თუმცა საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება და ინტერპრეტაცია, რასაც მხარს ვუჭერთ.

იქამდე, კლინიკური ინფექციური დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნებულ წერილში 239-მა მეცნიერმა 32 ქვეყნიდან განაცხადა, რომ მტკიცებულებების მიხედვით, ვირუსის ნაწილაკებს შეუძლია დააინფიციროს ადამიანები, ვინც მას შეისუნთქვენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნაწილაკები შეიძლება ჰაერში იყოს, მეცნიერები ორგანიზაციას გაიდლაინის განახლებისკენ მოუწოდებდნენ.

„გვსურდა, რომ მათ ეღიარებინათ მტკიცებულებები. ეს WHO-ზე თავდასხმა ნამდვილად არაა, სამეცნიერო დებატია, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ საჯაროდ უნდა განგვეცხადებინა ამის შესახებ, რადგანაც ბევრი მსჯელობის შემდეგ მაინც უარს ამბობდნენ მტკიცებულებების აღიარებაზე“, — აცხადებს ხოსე ხიმენესი, ქიმიკოსი კოლორადოს უნივერსიტეტიდან, რომელმაც წერილს ხელი მოაწერა.

მისი თქმით, ჰაერის გზით გადაცემის დასამტკიცებლად ძალიან მაღალი სტანდარტია დაწესებული შესაძლო პანიკის გამოწვევიდან გამომდინარე:

„თუ ხალხი გაიგებს ვირუსის ჰაერით გადაცემაზე, სამედიცინო მუშაკები უარს იტყვიან საავადმყოფოში მისვლაზე, ან ხალხი მთლიანად შესიყიდის დამცავ N95 რესპირატორულ პირბადეებს და განვითარებადი ქვეყნისთვის აღარ დარჩება“, — ამბობს იგი.

ამჟამად არსებული ოფიციალური ცნობებით, კორონავირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი