ახალი ამბები

„იაფი ფრენები ემიგრანტებისთვის“ – საგარეოსთან აქცია გაიმართა

7 ივლისი, 2020 • 1828
„იაფი ფრენები ემიგრანტებისთვის“ – საგარეოსთან აქცია გაიმართა

დღეს დილას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა კორონავირუსის პანდემიისას უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეების მხარდასაჭერად და მოითხოვეს მათთვის ხელმისაწვდომი ავიარეისების დანიშვნა, ნაწილისთვის კი ბილეთების სრულად დაფინანსება.

დემონსტრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიიტანეს პლაკატები წარწერებით: „გახსენით ცა“, „ემიგრანტები კლასტერები არ არიან, ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან“, „ემიგრანტები მუტაციას არ განიცდიან“, „იაფი ფრენები!“ და ა.შ.

აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახელზე სამინისტროში წერილი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს საზღვარგარეთ დარჩენილი ადამიანებისთვის შეღავათიანი ან უფასო ფრენების დანიშვნა.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ფინანსურ კრიზისში არიან და ვერ ჩამოდიან, დააფინანსოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ მანანა ანდღულაძემ, აქციის ორგანიზატორმა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა მოქალაქე ნონა მოდებაძე-გელაშვილი, რომლის თქმითაც, ის ემიგრანტის დედაა, — მისი შვილი პოლონეთში იმყოფება, — და  სხვა არაერთი ემიგრანტიც სწერს მსგავსი პრობლემების შესახებ, ამიტომაც ემიგრანტების სახელით საუბრობს:

„ემიგრანტებს სურთ რეგულარული ფრენები, სწრაფი ტესტებიც, და, ფაქტობრივად, 200 ევროზე [როგორც მთავრობაში ამბობდნენ] საუბარი არ არის, არის გაბერილი ფასები“…

„ვითომ დაინიშნა ჩარტერული რეისები, მაგრამ ძვირია, ძვირიანი ბილეთებია და ვერ ყიდულობენ რეალურად. სხვადასხვა პრობლემა გამოიკვეთა… არიან ადამიანები, ვინც ვერც ამას ყიდულობენ. და მოვედით აქ, რათა ვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ მანანა ანდღულაძემ.

„შევიდეთ აირზენას საიტზე და ვნახოთ, მართლაც 200 ევრო ღირს თუ არა, მაგალითად, ამსტერდამ-თბილისის რეისი… [ეს რეისი] 27 ივლისს ღირს 757 ევრო“, – თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, დავით დონერიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობიდან“.

ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისის“ საიტზე 27 ივლისს ამსტერდამ- თბილისის რეისზე ეკონომბილეთების ფასი 407 ევროდან იწყება, ბიზნეს-კლასისა კი- 575 ევროდან.

„მიკავშირდებიან ემიგრანტები და მათ ხმას ვახმოვანებ, რომ დაიწყოს ფრენები, განახორციელონ არა გაბერილი ფასებით, არამედ იყოს დაბალი ფასები და ისეთ გაჭირვებულებზე, ვისაც შეღავათიანი ბილეთის შეძენის უნარი არ აქვთ, გააკეთონ ჩარტერული რეისები და გადმოაფრინონ ეს გაჭირვებული ადამიანები“, – განაცხადა ნონა მოდებაძე-გელაშვილმა.

„ემიგრანტები მოითხოვენ უფასო რეისებსაც, მოითხოვენ ძალიან ტარიფით გადმოფრენასაც და მოითხოვენ იმას, რომ თავიანთ საქართველოში დაბრუნდნენ და ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ“, – თქვა მან.


წინა დღით, 6 ივლისს, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ფრენების აღდგენის, რეგულაციებზე კონკრეტული პროტოკოლის დაწესების და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული დეტალების და თარიღების დასახელების მოთხოვნით აქცია გამართეს.

“აღდგეს ფრენები” – ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

მასალების გადაბეჭდვის წესი