ახალი ამბები

მაქვს სიცხე 37°С – დამიშვებენ ეროვნულ გამოცდებზე?

5 ივლისი, 2020 • 7551
მაქვს სიცხე 37°С  – დამიშვებენ ეროვნულ გამოცდებზე?

6 ივლისიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მათი მიმდინარეობის დროს, დაცული უნდა იყოს მთელი რიგი შეზღუდვები, რათა ვირუსის გავრცელების საშიშროება აღმოიფხვრას.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს შორის შედის საგამოცდო სექტორში, აბიტურიენტებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია, რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფართია და ნიღბით, გამჭვირვალე ბარიერების გამოყენება, მაგიდაზე სადეზინფექციო ხსნარების არსებობა და თერმოსკრინინგი.

თუმცა, გამოცდების მოახლოებასთან ერთად, ბევრ აბიტურიენტს გაუჩნდა კითხვა – დაუშვებენ გამოცდაზე თუ მას 37°С ან მეტი ტემპერატურა აღენიშა?

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ თუ აბიტურიენტს გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე 37°С ან მეტი ტემპერატურა აღენიშნება, მან უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი, შემდეგ კი ცნობა წარმოადგინოს საგამოცდო ცენტრში მისვლისას.

ასევე, თუ აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში მისვლისას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა აღენიშნება, 15 წუთის განმავლობაში, გამოსაცდელს მას ხელახლა გაუზომავენ. თუ ტემპერატურა კვლავ შენარჩუნდა, გამოცდაზე მისი დაშვების საკითხს ექიმი წყვეტს. კერძოდ:

რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო – რეკომენდაციები ვრცლად

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული.

ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);

რაც შეეხება უშუალოდ საგამოცდო ცენტრებს, რეკომენდაციაში ვკითხულობთ:

თუ გამოსაცდელს 37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5°С-მდე (37.4°С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  •   თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
  • თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებულიPCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:
    •  თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
    •  იმ შემთხვევაში, 37С°თუ -დან 37.4°С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
    •  37.5°С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც)გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

ტემპერატურის 37.5°С -ზე მეტის შემთხვევაში:

  • თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციისთანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირებისდასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
  •  თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

ვრცლად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი