ნეტგაზეთი | ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება – მერია ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება – მერია – Netgazeti

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. მერიის ცნობითვე, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, ანუ 50 თეთრად მოემსახურებიან.

“ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების ხელშეწყობის მიზნით, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება, ან სხვადასხვა საჯარო სკოლებში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები:

  • მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსი აბიტურიენტებს გლდანში არსებული N39, N173 და N177 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაიყვანს.
  • კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გავა, მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მიკრორაიონში არსებულ N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.
  •  მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრაობას მე-3 მასივში არსებულ N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს.
  • მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მეტრომშენის დასახლებაში არსებულ N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.
  • მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ავტობუსი დიღმის მასივში არსებული N147 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს”,-წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 2 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები პირბადეების გარეშე ჩატარდება. გახარიას განმარტებით, აბიტურიენტი მერხამდე პირაბდით უნდა მივიდეს, თუმცა უშუალოდ გამოცდის დროს შეეძლება მისი მოხსნა, რადგან მერხი დეზობარიერით იქნება დაცული, ასევე იარსებებს შესაბამისი დისტანცია სხვა მერხებთან.

გახარიას თქმით, ფანჯარა ყველა საგამოცდო ოთახში იქნება ღია, ხოლო თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს ასცდება, ნებადართული იქნება კონდინციონერის ჩართვაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.