ახალი ამბები

რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას ფეისბუკისთვის გაგზავნილი წერილი

3 ივლისი, 2020 • 2601
რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას ფეისბუკისთვის გაგზავნილი წერილი

წერილს, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილიმა Facebook-ს საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა მოსთხოვა, კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში ორმაგი სტანდარტების დამკვიდრების მცდელობად აფასებს. მარეგულირებელი განცხადების ავტორებს წლების წინ მიღებულ ცვლილებებს ახსენებს. თავის მხრივ, კრიტკის ადრესატები მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის განცხადება აბსურდულია და “ისრიების სხვაგან გადატანის მცდელობაა”.

მარეგულირებლის 30 ივნისის განცხადებაში საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონში 2013 წელს შეტანილ ცვილებებზე, რომელიც GNCC-ის ცნობითვე,  ამ დროისთვის სასამართლოშია გასაჩივრებული, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე მაუწყებელთა ნაწილი მას არ ასრულებს. 

“სამწუხაროა, რომ ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქვეყანაში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს.  კომუნიკაციების კომისია 7 წელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას  ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს”, – აცხადებენ GNCC-ში.

არასამთავრობოების მოთხოვნა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილმა Facebook-ს 29 ივნისს ღია წერილით მიმართა და პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა მოითხოვა. წერილის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოციალურ ქსელს ფართომასშტაბიანი დისკრიმინაციული კამპანიისთვის იყენებდა სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ანონიმური გვერდებით სარგებლობდნენ. ამ ყველაფრის მიზანი კი ამომრჩეველზზე ზეგავლენის მოხდენა და ნეგატიური კამპანიიის ფონზე საარჩევნო პროცესის რადიკალიზაცია იყო.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წელს პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში სწორედ ეს მეთოდი გამოიყენებოდა. ხელმომწერი ორგანიზაციები სოციალური ქსელისგან ითხოვენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი.

რა გაიხსენა მარეგულირებელმა

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს 2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონს ახსენებს, რომლის მიზანიც იყო, როგორც GNCC-ის განცხადებაში ვკითხულობთ, საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ. 

“2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მთავარი მიზანი სწორედ მაყურებლების, საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი იყო, საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ, თუ რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებს რა  თანხა მიაქვს ამა თუ იმ მაუწყებელში და ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ესა თუ ის მედიასაშუალება.

ამ კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებიან 2013 წლიდან ტელეკომპანია “კავკასია”, “რუსთავი 2-ის” მაშინდელი მენეჯმენტი, რომელიც ახლა “მთავარ არხს” წარმოადგენს, სამოქალაქო განათლების ფონდი – “ტაბულა” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, – წერია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს მაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს პირველი ინსტანცია  წააგეს. 

“7 წლის შემდეგ, როცა სასამართლოს ორი ინსტანციის  გადაწყვეტილება არსებობს, მედიის ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და გამჭვირვალობას. კერძოდ, 2020 წელს, როგორც კი კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანციის მოგების შემდეგ, კანონის აღსრულების მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართა მაუწყებლებს, ტელეკომპანია “კავკასიამ”  სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა”, – აცხადებს კომისია. 

კანონი, რომლის აღსრულებსაც კომისია მაუწყებლებისგან ითხოვს, 2013 წელს მიიღეს. საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე, რომელმაც ტელეკომპანიები დაავალდებულა  ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ფორმების წარედგინათ. ამ ფორმებში მაუწყებლებს უნდა მიეთითებინათ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ: ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და სხვა. ამის შემდეგ კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის, ტელეშოპინგის და სხვა გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან შემოწირულებამ 7 000 ლარზე მეტი შეადგინა.

პასუხი მარეგულირებელს

ნეტგაზეთმა “მთავარი არხის” იურისტს, თამთა მურადაშვილს ჰკითხა, რატომ არის მიუღებელი მაუწყებლებისთვის ანგარიშგების ახალი ფორმები. იურისტი განმარტავს, რომ შვიდი წლის წინ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებულები გახდნენ, მარეგულირებლისთვის კვარტალში ერთხელ წარედგინათ ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებისგან მიღებული შემოსავალი 7 ათას ლარზე მეტი იყო.

მურადაშვილი ასევე გვეუბნება, რომ თავდაპირველად ეს ცვლილება ყველა მაუწყებლისთვის მისაღები იყო, თუმცა მაუწყებელთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის წესი, რომლითაც კომისიამ ამ კანონის აღსრულება დაიწყო.

“მთავარი არხს” იურისტის შეფასებით, ამ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე კომისია საშუალება ექნება იმ ბიზნესსუბიეტების სარეკლამო დანახარჯებზე მიიღოს ინფორმაცია, რომლებიც, რეალურად, მისი რეგულირების მიღმაა, მაგალითად, რეკლამის დამკვეთებზე.

გარდა ამისა, როგორც მურადაშვილი ამბობს, ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში კონკურენტებისთვის ცნობილი გახდება, რომელ ბრენდს რა ბიუჯეტი აქვს. “

“მაგალითად, “თიბისის” რეკლამა თუ გავიდა არხზე და დავწერთ, რომ “თიბისიმ” ამ რაოდენობის თანხა მოიტანა [ტელევიზიაში], სადაც ჩანს, სააგენტოში რამდენი “ჩატოვა” და გაყიდვების სახლმა რამდენი აიღო და ა.შ, კონკურენტ ბრენდებს ექნებათ გაშიფრული სურათი, რომელ ბრენდს რა სარეკლამო ბიუჯეტი აქვს. ეს მათ ინტერესებსაც არღვევს, რადგან კომერციული ინფორმაციაა”, – უთხრა მურადაშვილმა ნეტგაზეთს.

ისრების გადატანა თუ პოლიტიკური მოტივი

მურადაშვილი კომუნიკაციების კომისიის განცხადებას პოლიტიკური მოტივებით ხნის და ამბობს, რომ რეალურად, “ქართულ ოცნებას” არ სურს სოციალურ ქსელებში გასაჯაროვდეს ინფორმაცია დასპონსორებულ ანგარიშებზე, აქედან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს მიმართვაზე ხელმომწერი ტელევიზიების დისკრედიტაცია.

“კომისიის 30 ივნისის განცხადება არის ტყუილი, მარეგულირებელი კომისია ატყუებს საზოგადოებას . Facebook-სთვის გაგზავნილი წერილი საერთოდ არაფერ შუაში არ არის კომისიასთან, ის ეხება პოლიტიკურ აქტორებსა და სოციალურ მედიას. ამიტომ გაუგებარია, რატომ გამოიყენა ეს განცხადება ჩვენს საწინააღმდეგოდ. ჩემი პირადი აზრია, რომ მარეგულირებლის ამ განცხადების მიზანი პოლიტიკური იყო. “ქართულ ოცნებას” არ მოეწონა მიმართვა, რომელიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა Facebook-ს გაუგზავნეს.

როგორც ჩანს, ინტერესი აქვთ, რომ განაგრძონ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც აქამდე ჰქონდათ. იცით, Facebook-მა მათ რამდენი ანგარიში დაუხურა. ამიტომ გადაწყვიტეს, იმ არხების დისკრედიტაცია მოეხდინათ, რომლებმაც ამ განცხადებას მოაწერეს ხელი. თქვეს, რომ თითქოს ჩვენ პოლიტიკურ ფულს ვმალავთ, სად არის პოლიტიკური ფული?!  კომისია თავად გვამონიტორინგებს და ნებისმიერ სოციალურ კლიპზეც კი, სადაც პოლიტიკურ შინაარსაც ამოიკითხავს, გვაჯარიმებს,” – აცხადებს მურადაშვილი. 

“გაუგებარი” და “ისრების სხვაგან გადატანის მცდელობა” – ასე აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელი” მამუკა ანდღულაძე კომუნიკაციების კომისიის 30 ივნისის განცხადებას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიმართვაში საუბარი ეხებოდა Facebook-ზე არსებულ გვერდებს, რომელთა დაფინანსების წყაროს ცოდნაც მნიშვნელოვანია:

“გაგზავნილ განცხადებაში საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ჩვენთან აქტუალური საკითხია. ეს დასტურდება არა მხოლოდ ადგილობირივი ორგანიზაციებისა და ჩვენი კვლევებით, არამედ იმითაც, რომ მაგალითად, Facebook-მა ათასზე მეტი გვერდი და ანგარიში დაბლოკა. ეს პრობლემაა, რაზეც მუდვმივად ვსაუბრობთ.

ეს პრობლემა წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით მძაფრდება. შესაბამისად, ამ თემაზე, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია პრობლემურ საკითხად. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია მარეგულირებლის რეაგირება. გლობალურად აღიარებულ პრობლემაზე Facebook-ს მივწერეთ, განცხადებას ავრცელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ისრების გადატანას ჰგავს და პრობლემის მინიმალიზაციას.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (საია) აბსურდულს უწოდებს მარეგულირებლის ბრალდებებს და განმარტავს, რომ Facebook-ს დასპონსორებულ გვერდებზე სთხოვენ ინფორმაციის გასაჯაროებას, რათა ცნობილი გახდეს, ვინ აფინანსებს სოციალურ ქსელში შექმნილი ანგარიშებს:

“აბსურდული განცხადებაა და შეუსაბამოა იმ თხოვნებთან, რაც Facebook-ს გავუგზავნეთ. წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელში ჩნდება ანონიმური, დასპონსორებული გვერდები, რომელთა უკან ვინ დგას და რა ფული ტრიალებს, არ ვიცით. ამაზეა ჩვენს მიმართვაში საუბარი. მაშინ, როცა პოლიტიკური პარტიების დახარჯული ერთი თეთრიც კი საარჩევნო პერიოდში უნდა იყოს დეკლარირებული აუდიტის სამსახურში. თუ ამაში მარეგულირებელი კომისიის ნაწილი განსხვავებას ვერ ხედავს, მაშინ ცუდად ყოფილა საქმე”,

მასალების გადაბეჭდვის წესი