ახალი ამბები

გერმანიამ საქართველოს გადასცა ციხეების ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა

3 ივლისი, 2020 • 2052
გერმანიამ საქართველოს გადასცა ციხეების ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა

გერმანიამ საქართველოს გადასცა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გასამართლებული და ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა. მას საქართველოში დღეს გადმოიყვანენ.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ჭაკუას გადმოცემის შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანულ მხარეს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა.

“გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების დასაბუთებულობა და დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა, რითაც სრული ნდობა გამოუცხადა საქართველოს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას,”-აცხადებენ პროკურატურაში.


საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 27 მარტს საქართველოში ციხის ბუნტის ჩახშობის მოტივით სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში დაიღუპნენ 23 წლის ზ. კუხალაშვილი და ა.ბ.

როგორც საქმეშია აღნიშნული, ზ.კუხალაშვილს აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა და მიუხედავად ოჯახის ადვოკატის მოთხოვნისა, მათ არ ჰქონდათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება.

2006 წლის ივლისში მოკლულის ოჯახს პროკურატურიდან აცნობეს, რომ მოკლული ვერ მიიღებდა დაზარალებულის სტატუსს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სტატუსი მიენიჭობოდა მისი ოჯახის წევრს,  ვერ ისარგებლებდა ამ უფლებით.  ისინი ვერ მიიღებდნენ დახზარალებულის სტატუსს, რადგან პოლიციამ ძალა გამოიყენა “გადაუდებელი საჭიროების დროს, რათა ჩაეხშო პატიმრების არეულობა და შეეკავებინა მათი მოსალოდნელი დანაშაულებრივი ქმედებები”.

ციხის ბუნტის საქმეზე 2013 წლის 28 ოქტომბერს ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 3 წლით და 9 თვის ვადით.

ახალაიას ამ საქმეზე ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნტები) და არაადამიანური მოპყრობის (144-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ, დ, ე და ზ ქვეპუნქტები) მუხლებით. სასამართლომ ახალაია გაამართლა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. მას მხოლოდ არაადამიანური მოპყრობისთვის მიესაჯა, რომელსაც შეეხო ამნისტია და ამის შედეგად ახალაიას სასჯელის ვადად განისაზღვრა 3.9 წლით პატიმრობა. ასევე, 2 წლით და 3 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.

ანალოგიური სასჯელები განუსაზღვრეს ამ საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებსაც – მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და რევაზე ჭარბაძეს, ოღონდ სასამართლომ დამატებითი სასჯელის სახით მათ განუსაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

2006 წლის ციხის ბუნტის დროს ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელმძღვანელობდა.

2020 წლის 2 აპრილს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ციხის ბუნტისას დაღუპული 2 პატიმრის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში. აღნიშნული მუხლი სიცოცხლის უფლებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი