ნეტგაზეთი | სტრასბურგმა ციხის ბუნტის საქმეზე 2 პატიმრის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა სტრასბურგმა ციხის ბუნტის საქმეზე 2 პატიმრის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა – Netgazeti

სტრასბურგმა ციხის ბუნტის საქმეზე 2 პატიმრის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს საქართველოში მომხდარი ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, დღეს, 2 აპრილს გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ციხის ბუნტისას დაღუპული 2 პატიმრის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში. აღნიშნული მუხლი სიცოცხლის უფლებას გულისხმობს.

კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით:

“ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს”.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაევალა მოკლული პატიმრების ოჯახების მიმართ, ჯამში, 80 800 ევროსა და ყველანაირი ხარჯის გადახდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 27 მარტს საქართველოში ციხის ბუნტის ჩახშობის მოტივით სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში დაიღუპნენ 23 წლის ზ. კუხალაშვილი და ა.ბ. ევროსასამართლოს სწორედ ამ ორი პატიმრის ოჯახებმა მიმართეს.

როგორც საქმეშია აღნიშნული, ზ.კუხალაშვილს აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა და მიუხედავად ოჯახის ადვოკატის მოთხოვნისა, მათ არ ჰქონდათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება. ასევე, თავად გარდაცვლილი პატიმარი არ იყო მსხვერპლად მიჩნეული. ერთადერთი დოკუმენტი, რისი მოპოვებაც იმ დროს ოჯახმა შეძლო, იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილს ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

2006 წლის ივლისში მოკლულის ოჯახს პროკურატურიდან აცნობეს, რომ მოკლული ვერ მიიღებდა დაზარალებულის სტატუსს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სტატუსი მიენიჭობოდა მისი ოჯახის წევრს,  ვერ ისარგებლებდა ამ უფლებით.  ისინი ვერ მიიღებდნენ დახზარალებულის სტატუსს, რადგან პოლიციამ ძალა გამოიყენა “გადაუდებელი საჭიროების დროს, რათა ჩაეხშო პატიმრების არეულობა და შეეკავებინა მათი მოსალოდნელი დანაშაულებრივი ქმედებები”.

მიუხედავად პროკურატურის ასეთი პასუხისა, მოკლული პატიმრების ოჯახები შემდგომ პერიოდშიც ითხოვდნენ საქმის მასალების გაცნობას და იმის გარკვევას, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი. მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პატიმრების ოჯახებმა პროკურატურის უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა მათი საჩივარი დაუშვებლად ცნეს.

მას შემდეგ, რაც ოჯახებმა საქართველოში ამოწურეს სამართლებრივი ბერკეტები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, რომელმაც მრავალწლიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება 2020 წლის 2 აპრილს გამოაცხადა.


ციხის ბუნტის საქმეზე 2013 წლის 28 ოქტომბერს ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 3 წლით და 9 თვის ვადით.

ახალაიას ამ საქმეზე ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნტები) და არაადამიანური მოპყრობის (144-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ, დ, ე და ზ ქვეპუნქტები) მუხლებით. სასამართლომ ახალაია გაამართლა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. მას მხოლოდ არაადამიანური მოპყრობისთვის მიესაჯა, რომელსაც შეეხო ამნისტია და ამის შედეგად ახალაიას სასჯელის ვადად განისაზღვრა 3.9 წლით პატიმრობა. ასევე, 2 წლით და 3 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.

ანალოგიური სასჯელები განუსაზღვრეს ამ საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებსაც – მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და რევაზე ჭარბაძეს, ოღონდ სასამართლომ დამატებითი სასჯელის სახით მათ განუსაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

2006 წლის ციხის ბუნტის დროს ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელმძღვანელობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.