ახალი ამბები

ზურაბ ადეიშვილს 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს

8 ივლისი, 2021 • 1530
ზურაბ ადეიშვილს 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს

იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს თბილისის საქალაქო სასამრთლომ 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე 4-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე სასამართლომ იგივე განაჩენი გამოუტანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუას.

ადეიშვილი უკრაინაში იმყოფება, ჭაკუა კი 2020 წელს გადასცა გერმანიის მხარემ საქართველოს. ორივე მათგანი სხვა საქმეებზეც არის გასამართლებული.

პროკურატურის ცნობით, ადეიშვილი და ჭაკუა დამნაშავედ ცნეს პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტებზე.

კერძოდ, ბრალდების მხარის თანახმად, გამოვლენილი გარემოებები, რაც სასამართლომ დაადასტურა და გაიზიარა, შემდეგია:

ბრალდების დეტალები – გამოძიების ვერსია

  • 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, — როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, — ზურაბ ადეიშვილმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით.
  • 2012 წლის 17 სექტემბერს  ამ საკითხებთან დაკავშირებით ადეიშვილმა დაიბარა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დ.ჩ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა.
  • თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლებს — ორ პირს — უნდა დაემცირებინათ პატიმრები, ეცემათ ისინი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ეს ყველაფერი კი ვიდეოზე გადაეღოთ. „ხსენებულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო იმგვარად, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა „დაბრალებოდა“ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“, – წერს პროკურატურა.
  • ადეიშვილთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, ჭაკუამ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი „დაიყოლია ფარული ვიდეოკამერით პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღებაზე“. გამოძიების ვერსიით, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების 2 თანამშრომელს, რომელთაგან ერთ-ერთს საჯაროდ უნდა გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ვ.ბ-ს მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება.
  • 2012 წლის 17 სექტემბერს დავით ჭაკუამ, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი და ვ.ბ-სთან დაახლოებული პირი ნ.მ. ცრუ ჩვენების მიცემაზე, თითქოსდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისგან“ გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ვ.ბ. საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა.
  • „2012 წლის 18 სექტემბერს, დავალებისამებრ, ლ.ფ-მ, ბ.ფ-სთან და ლ.ფ-სთან ერთად №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები რ.გ. და ე.წ., დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“.
  • იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით ლ.ფ-მ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეკვეთით.
  • მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, ლ.ფ-ს სამუშაო ოთახში შეიტანეს და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსეს 14 100 აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი, სადაც ასახული იყო №37 საკანში განხორციელებული ძალადობა.

სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ.

საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ამავე განაჩენით დავით ჭაკუა დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელის ზომად ზუსტად ის ვადა და აკრძალვები განესაზღვრა, რაც ზურაბ ადეიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი