ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში აეროპორტის პროექტზე რუსული კომპანია უარს ამბობს – ბჟანია

3 ივლისი, 2020 • 2407
აფხაზეთში აეროპორტის პროექტზე რუსული კომპანია უარს ამბობს – ბჟანია

მოსკოვიდან დაბრუნებულმა ასლან ბჟანიამ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბრიფინგის დროს მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აფხაზეთში აეროპორტის პროექტით რუსული კომპანია აღარ არის დაინტერესებული.

“ამ საკითხით დაკავებული იყო ჰოლდინგი “სინდიკა”. მოსკოვიდან გამოფრენამდე ჩემთან ამ კომპანიის პრეზიდენტი მოვიდა. მეგონა, პროექტის განვითარებაზე ვისაუბრებდით, თუმცა საუბარი სხვა კუთხით წარიმართა. შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ნავარაუდევია გადაზიდვების მოცულობის, მგზავრთა და ტვირთის შემცირება და, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი, რომელიც ძალიან ხარჯიანია, მათთვის აქტუალობას კარგავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალი შესაძლებლობების ძებნას დავიწყებთ, რამდენადაც ამ პროექტზე იმედებს ვამყარებდით”.

რუსული კომპანიის მიერ აფხაზეთის აეროპორტის საპროექტო სამუშაოების დაწყება აფხაზურმა მხარემ 2019 წლის ივლისში დააანონსა, რასაც თბილისის რეაქცია მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მაშინ განაცხადეს, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.

სოხუმში რუსეთი აეროპორტის ასამუშავებლად ემზადება, რა უნდა ქნას თბილისმა?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი