ახალი ამბები

“საბოტაჟის საქმე” მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევის ნიშნებს შეიცავს – NGO-ები

3 ივლისი, 2020 • 1219
“საბოტაჟის საქმე” მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევის ნიშნებს შეიცავს – NGO-ები

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში სუს-ის მხრიდან ტელეკომპანია “მთავარი არხის” სიუჟეტზე აქცენტირებას მედიის დემონიზებისა და აზრის გამოხატვაზე კონტროლის დამყარების მცდელობაც აფასებს. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკარა და უხეში ჩარევის ნიშნებს შეიცავს, რაც “საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას”.

NGO-ები ხაზს უსვამენ, რომ სუსი თავის განცხადებაში „მთავარი არხის“ ქმედებებში „დეზინფორმაციას“ და „საბოტაჟის“ შემადგენლობას დადგენილ ფაქტად უთითებს.

“გვსურს შევახსენოთ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლებს, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს ასევე მიზანს. იგი ის ფუნდამენტური, ფუნქციური ელემენტია, რომელიც საზოგადოების განვითარებას, ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვას და ადამიანის პიროვნულ განვითარებას განაპირობებს.

ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას.

დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერთა თქმით, პრესის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ საზოგადოების უფლებას მიიღოს, გაიზიაროს ან უგულებელყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. მათი თქმით, საბოტაჟი სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულია, რომლის ჩადენის საკითხიც დღის წესრიგში მაშნ დგება, როცა აშკარაა  სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დაწესებულებისთვის მიყენებული ხელშესახები ზიანი – მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ცალსახად დადგინდება, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, მასზე რეაგირება არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მანქანის, არამედ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაა ან/და კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში უფლების სამოქალაქო წარმოებით სასამართლოს გზით დაცვაა, რაც ჩვენი საზოგადოების მონაპოვარსა და ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევებისგან თავისუფალი მედიის არსებობის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

მათი განცხადებით, სუს-ის ქმედებები მეტად პრობლემურია საარჩევნო წელს, როცა კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში ნებისმიერი სახის ჩარევისგან.

განცხადებას ხელს აწერენ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)”


“მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მანამდე, 16 მარტს, პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ.

გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

“დაშინება და მსუსხავი ეფექტი” – რა მიზანი აქვს ფეისბუკ პოსტების გამო ხალხის სუს-ში დაბარებას?

მასალების გადაბეჭდვის წესი