ახალი ამბები

სუს-ის საქმე არაა, მედია როგორ სიუჟეტს მოამზადებს – ლომჯარია

3 ივლისი, 2020 • 1157
სუს-ის საქმე არაა, მედია როგორ სიუჟეტს მოამზადებს – ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მედიის მიერ მომზადებული მასალების გარჩევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმე არ არის.  საუბარია “მთავარი არხის” სიუჟეტზე, რომელსაც სუსი ზემოაღნიშნული საქმის ფარგლებში სწავლობს.

ლომჯარია აღნიშნავს, რომ გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზემოქმედების მცდელობას უფრო ჰგავს.

“ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან , თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხებოდა და როდის დაიწყო ეს გამოძიება, მიღებული პასუხებით ეს არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ მთავარზე გასულ სიუჟეტთან.

…სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს.

…ეს გამოძიება უფრო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ”, – აცხადებს ის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 ივლისს თქვა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე უწყებას მიეცა უფლება, „მთავარი არხიდან“ ამოიღოს 20 ივნისს კორონავირუსთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის სრული, დაუმონტაჟებელი მასალა. სუსი აცხადებს, რომ ამ სიუჟეტს და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში სწავლობენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც”, რომელმაც საქმე “მედიის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცენდენტად” შეაფასა.


“მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მანამდე, 16 მარტს, პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ.

გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

“დაშინება და მსუსხავი ეფექტი” – რა მიზანი აქვს ფეისბუკ პოსტების გამო ხალხის სუს-ში დაბარებას?

მასალების გადაბეჭდვის წესი