ნეტგაზეთი | კორონავირუსის მუტაცია: რა შეიცვალა? კორონავირუსის მუტაცია: რა შეიცვალა? – Netgazeti

კორონავირუსის მუტაცია: რა შეიცვალა?

ახალი გლობალური კვლევის თანახმად, კორონავირუსმა განიცადა მუტაცია, რომლის შედეგადაც უფრო გადამდებია, თუმცა, ამავე დროს, ის უფრო ძლიერი ან სუსტი არ გამხდარა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ვირუსის მუტაციაზე საუბრობდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეც.

კვლევაზე მომუშავე ერთ-ერთი მეცნიერის, ერიკა ოლმან საფირის თქმით, „ახლა ეს [ვირუსის მუტირებული ვერსია] არის ადამიანთა ინფიცირების დომინანტური ფორმა, ახლა ეს არის ვირუსი“.

ამასთან ერთად, როგორც ავტორები ამბობენ, კვლევის ფარგლებში ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს ადამიანებმა, ცხოველებმა, უჯრედებმა იმის დასამტკიცებლად, რომ ვირუსის მუტირებული ვერსია უფრო გავრცელებულია და მეტად აინფიცირებს, ვიდრე სხვები.

როგორც CNN წერს, მუტირება შეეხო ვირუსის სპაიკცილას, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედებში შესაღწევად იყენებს.

კვლევა მეცნიერებმა ჟურნალ Cell-ში გამოაქვეყნეს და ამგვარად გააგრძელეს თავიანთი წინა ნაშრომი, რომელშიც ამბობდნენ, რომ ვირუსი უფრო გადამდები გახდა. ახალ მუტაციას ისინი G614-ის სახელით მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მან თითქმის ბოლომდე ჩაანაცვლა ვირუსის ვერსია D614, რომელიც ევროპასა და აშშ-ში თავდაპირველად ვრცელდებოდა, ხოლო G614 უკვე მარტის ბოლოს იმავე თვის დასაწყისთან შედარებით უფრო იყო წარმოდგენილი: „2020 წლის პირველი მარტისთვის G614 ევროპის გარეთ იშვიათი იყო, თუმცა მარტის ბოლოსთვის მისი სიხშირე მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია“, — ამბობენ მეცნიერები.

„გლობალური ტრეკინგის [გამოვლენის] მონაცემები აჩვენებს, რომ G614 ვარიანტი D614-ზე სწრაფად გავრცელდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ვირუსი დიდი ალბათობით უფრო გადამდებია. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ვერ აღმოვაჩინეთ, მუტირებული ვირუსი უფრო გაძლიერებულიყოს“, — ციტირებს გამოცემა თეორიული ბიოლოგიის პროფესორ ბეტ კორბერს.

გარდა ამისა, კვლევის ავტორების თქმით, მუტირებული ვერსიის სიხშირე მაინც იზრდება, მიუხედავად კარანტინის რეჟიმის შემოღებისა, თუმცა, ასევე, ამბობენ, რომ არის გამონაკლისებიც — სანტა კლარა (კალიფორნია) და ისლანდია, სადაც ვირუსის ძველი ვერსია ახალს არ ჩაუნაცვლებია.

რაც შეეხება მიზეზებს იმასთან დაკავშირებით, რომ მუტირებული ვერსია უფრო გადამდებია, მკვლევრები ამბობენ, რომ  ზემო რესპირატორულ ტრაქტში — ცხივრში, ყელსა და ნესტოებში- უფრო სწრაფად მრავლდება.

თუმცა მეცნიერები აგრეთვე ფიქრობენ, რომ მუტირების ნეიტრალიზაცია შესაძლებელია  — ამისთვის, მათი თქმით, საჭიროა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სისხლის პროდუქტი.

ამასთან ერთად, მეცნიერები ახლა იმასაც ამოწმებენ, რამდენად შეიძლება მუტაციამ იმოქმედოს ვაქცინაზე, რადგანაც ამჟამად მათ შესაქმნელად ვირუსის ძველ მოდელზე დაყრდნობით მუშაობენ.

“ვაქცინებისთვის შესაძლო შედეგები არის. აქტიურად ვიკვლევთ ამ შესაძლო შედეგებს”, — ამბობენ მეცნიერები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com