ახალი ამბები

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები, კარანტინის გარეშე შეძლებენ ფრენას

2 ივლისი, 2020 • 2511
ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები, კარანტინის გარეშე შეძლებენ ფრენას

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა დაასახელა, სადაც საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარან ტინის გავლა სავალდებულო არ იქნება.

პარალელურად, არც ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს მოუწევთ საქართველოში 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ვიზიტორების მიღება უსაფრთხო და, შესაბამისად, დაშვებული იქნება. თუმცა, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, სია შეიძლება შეიცვალოს. სწორედ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დღეს თურნავა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანასთან იგეგმება უახლოეს მომავალში საზღვრების გახსნა, ნათია თურნავა პასუხობს:

„რამდენიმეს ჩამოგითვლით, იმიტომ, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება.. ჩემი კოლეგა, დავით ზალკალიანი სულ არის ორმხრივ კონტაქტზე და არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

მაგრამ, ვინც დანამდვილებით ვიცით – ლატვიამ ოფიციალურად თქვა, რომ შევუშვებთ..ლიეტუვა და ესტონეთი ახლოს არიან ამ გადაწყვეტილებასთან. პოლონეთი – თუ მან უკვე არ განაცხადა ოფიციალურად, დიდი ალბათობით, ამას განაცხადებს. საფრანგეთიც“, – ამბობს თურნავა „პოსტ ტვ-ს“ ეთერში და განმარტავს, რომ სწორედ ამ ქვეყნებთან იქნება მიმოსვლა კარანტინის გარეშე შესაძლებელი.

თურნავა კონკრეტულ დროს არ ასახელებს, თუმცა დასძენს, რომ სხვადასხვა ქვეყანას საქართველოსთვის დამატებითი ფილტრების დაყენება შეუძლია.

„ჩვენც გვაქვს უფლება, რომ დავუწესოთ იგივე [შეზღუდვები], მაგრამ თუ ის არ ითხოვს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენით დავუმძიმოთ“, – ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება საზღვრების გახსნის საკითხს, თურნავა ამბობს, რომ მიუხედავად კრიტიკისა, საქართველო გეგმაზომიერად მოქმედებს.

„ჩვენ უნდა შევნარჩუნდეთ ამ სიაში, იმიტომ, რომ თუნდაც გაუაზრებელი გახსნის შედეგად, ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება და 2-4 კვირაში ამ ადგილს დავკარგავთ“, – ამატებს თურნავა.


ზოგიერთი ქვეყნის მიერ საზღვრების გახსნის მიუხედავად, უცნობია, როდის აღდგება რეგულარული ფრენები საქართველოში. საქართველოს მთავრობის თავდაპირველი გეგმით, რეგულრაული ფრენები კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების ნაწილთან ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა შეიცვალა და ფრენების აღდგენა აგვისტომდე გადავადდა.

ამის პარალელურად ივლისში დაინიშნა ჩარტერული ფრენები რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ასრულებს. ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვერ აზუსტებს, აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით აგვისტოდან. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ჩარტერული რეისების კომპონენტს ვიზეარიც დაემატოს, რომელიც უფრო დაბალფასიან ბილეთებს ყიდის.

წაიკითხეთ ვრცლად:

ვინ (არ) უხსნის საზღვარს საქართველოს

მასალების გადაბეჭდვის წესი