ახალი ამბები

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

30 ივნისი, 2020 • 2105
ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა იმ მესამე ქვეყნებს შორის, საიდანაც ვიზიტორების მიღება უსაფრთხო და, შესაბამისად, დაშვებული იქნება (კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე), საქართველოც შეიყვანა.

შესაბამისი გადაყწვეტილება და ახალი სია ევროკავშირის საბჭომ დღეს, 30 ივნისს მიიღო.

საქართველოს გარდა, სიაში მოხვდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი (პეკინის მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში).

ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია, მათივე განცხადებით, იურიდიულად სავალადებულო არაა და რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებლები ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები არიან.

გარდა ამისა, უსაფრთხო ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება, ხოლო ეპიდსიტუაციის სწრაფი გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაც.

როგორია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესასვლელად საჭირო კრიტერიუმები?

ევროკავშირის საბჭოს თანახმად, სიაში მოსახვედრად მესამე ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი შემთხვევები:

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე უნდა იყოს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი ან იყოს მასთან ახლოს (2020 წლის 15 ივნისისთვის)
  • ამ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით, ახალი შემთხვევების სტაბილური ან შემცირებადი რაოდენობა
  • მთლიანი რეაგირება კორონავირუსზე — მათ შორის ტესტირება, კონტაქტების კვლევა, მკურნალობა, ინფორმაციის სანდოობა, ვირუსის შეკავება და საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების საშუალო შეფასება. ამ საკითხებზე ევროკავშირის ადგილობრივი დელეგაციის ინფორმაციაცაა გასათვალისწინებელი.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საზღვრების გახსნის „საქართველოს რეგულაციები სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი