ახალი ამბები

ვულოცავთ პარლამენტს საარჩევნო პაკეტის მიღებას, თუმცა რჩება ხარვეზებიც – აშშ-ის საელჩო

2 ივლისი, 2020 • 1067
ვულოცავთ პარლამენტს საარჩევნო პაკეტის მიღებას, თუმცა რჩება ხარვეზებიც – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოს პარლამენტს საარჩევნო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ულოცავს. თუმცა ამბობს, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი კვლავ რჩება.

განცხადებაში, რომელიც საელჩომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების მიღებაზე პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები მთელი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

„ამერიკის საელჩომ სიამოვნებით დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის დისკუსიებს, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციების დაფინანსებას, რომლებმაც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლების ანგარიშებში აღნიშნული ძირითადი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად პრაქტიკული რეკომენდაციები მოამზადეს.

მიღებული კანონი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. მათ შორისაა საჯარო სამართლის პირებისთვის სამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიის აკრძალვა, კამპანიის დაფინანსების განახლებული რეგულაციები, ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, მესამე მხარის დაფინანსების წესების განმტკიცება“, – ამბობს აშშ-ის საელჩო.

თუმცა, ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი კანონში კვლავ რჩება.

„ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო ასევე დასძენს, რომ ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას.


საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებები დღეს, 2 ივლისს, მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებებს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა , წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ერთი.

რა წესებით [არ] ჩატარდება 2020 წლის არჩევნები – ცვლილებების განხილვა

მასალების გადაბეჭდვის წესი