ახალი ამბები

გამოძიება უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში – TI ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

2 ივლისი, 2020 • 907
გამოძიება უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში – TI ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ე.წ. საბოტაჟის საქმეს ეხმაურება. ორგანიზაციის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარე გამოძიება არა ფაქტების დადგენას, არამედ მედიაზე ზეგავლენის მოხდენას ემსახურება.

ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიების პროცესი კითხვებს აჩენს.

ამასთანავე, მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს.

TI ამბობს, რომ მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები და მიმართოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ან ტელევიზიაში შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს. ამის ნაცვლად, გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა სახიფათო პრეცედენტს ქმნის და „მსუსხავი ეფექტის“ საფრთხეს აჩენს.

„გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიუჟეტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სტატისტიკის გაყალბებასა და შესაძლო სამოხელეო დანაშაულს ეხებოდა. ამ ფონზე, სიუჟეტში მოყვანილ შესაძლო დანაშაულებზე რეაგირების ნაცვლად, საბოტაჟის მუხლით გამოძიების წარმართვა არალოგიკურად გამოიყურება.

აღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება არა ფაქტების დადგენას, არამედ მედიის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას, სხვა ტელევიზიებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნასა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შეკავებას ისახავს მიზნად.

ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტებს ქმნის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მედიაგარემოს. მოახლოებული არჩევნების ფონზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაიაზროს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტის როლი და უზრუნველყოს მედიის შეუფერხებელი საქმიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე სუს-ს მიეცა უფლება, „მთავარი არხიდან“ ამოიღოს 20 ივნისს კორონავირუსთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის სრული, დაუმონტაჟებელი მასალა. სუსი აცხადებს, რომ ამ სიუჟეტს და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში სწავლობენ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

გარდა რესპონდენტებისა, სუს-ში დაიკითხნენ ასევე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე. ორივე მათგანი შემდგომ ამბობდა, რომ მათთვის დაბარების მიზეზი გაუგებარია.

“მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი