ნეტგაზეთი | პერევთან 243 ჰექტარზე ქართულმა მხარემ 2014 წლიდან კონტროლი დაკარგა – ქაცარავა პერევთან 243 ჰექტარზე ქართულმა მხარემ 2014 წლიდან კონტროლი დაკარგა – ქაცარავა – Netgazeti

პერევთან 243 ჰექტარზე ქართულმა მხარემ 2014 წლიდან კონტროლი დაკარგა – ქაცარავა

სოფელ პერევთან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 243 ჰექტარი შეადგენს, 2014 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების ეშინიათ გახშირებული გატაცებების გამო.


ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. მისივე ცნობით, ამ ტერიტორიაზე (ტყის მასივი, რამდენიმე მიტოვებული სახლი) ქართულმა მხარემ 2014 წლის შემდეგ ფაქტობრივი კონტროლი დაკარგა, თუმცა დღემდე ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას არ გაუვრცელებია.

“როგორც აღმოჩნდა, ახალი ოკუპაციის ხაზმა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში 970 მეტრით გადმოინაცვლა, ჯამურმა ფართობმა 243 ჰექტარი შეადგინა… ეს ახალი ხაზი მდინარე ღებურაა, რომლის გადაკვეთის უფლება ადგილობრივ მოსახლეობას 2014 წლიდან აღარ აქვს… დიახ, 2014 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ დაუთმო ოკუპანტს 2 მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი კვადრატული მეტრი და ეს დაუმალა საზოგადოებას… მხოლოდ 2020 წელს შემთხვევით გავიგეთ ეს ამბავი… სამწუხაროდ, ჩვენი მიწა-წყლის ოკუპანტისთვის ჩუმად დათმობის სტილი ჩვენი ხელისუფლების ხელწერად გადაიქცა… არადა, ამაყად გვარწმუნებენ, რომ ისინი ერთადერთ მთავრობას წარმოადგენენ, ვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ტერიტორიები არ დაუკარგავს…”, – აცხადებს ქაცარავა.

“ნეტგაზეთი” ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს, მარიამ ტოროშელიძეს ესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული ამ ტერიტორიიდან საქართველოს არაერთი მოქალაქე გაიტაცეს და მათი დაბრუნება მხოლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდეგ მოხერხდა.

“დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, არის თუ არა რაიმე მონიშვნები ან მავთულხლართები ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას გადასვლის ეშინია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გაიტაცეს აქედან საქართველოს მოქალაქეები, ხშირად გამოსასყიდის გადახდა თავად ოჯახს მოუწია, თუ მათ ამის საშუალება არ აქვთ  და სხვადასხვა გზის მეშვეობით აგროვებენ ფულს, ხანდახან სახელმწიფოც ეხმარება”, – განაცხადა ტოროშელიძემ.

“ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ ტერიტორიაზე უკანონო მოქმდებების შესახებ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე აქტიურად გამოიყენება ცხელი ხაზი და პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც:

“საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მიმდებარედ არსებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესისა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების შესახებ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, აქტიურად გამოიყენება ცხელი ხაზი და პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

2018 წელს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმება და განხორციელდა სოფ. პერევის მიმდებარედ განლაგებული პოლიციის საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით წინ, საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს, გადაწევა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმდებარედ მიმდინარე ოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებბის მიზნით ცენტრალური ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, დაფიქსირებულ ინციდენტებთან და შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აქტიურდება ცხელი ხაზი”, – წერია სუს-ის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ კომენტარში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი