ნეტგაზეთი | მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზღვრების გახსნას მიზანმიმართულად აჭიანურებენ – ვაშაძე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზღვრების გახსნას მიზანმიმართულად აჭიანურებენ – ვაშაძე – Netgazeti

მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზღვრების გახსნას მიზანმიმართულად აჭიანურებენ – ვაშაძე

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მიზანმიმართულად აჭიანურებს საზღვრების გახსნასა და ეპიდუსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე საზღვრებზე სათანადო კონტროლის სისტემის დანერგვას”, – ეს განცხადება ისანში ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“არსებობს აპრობირებული მექანიზმები, რომლებიც მინიმუმადე ამცირებენ სხვა ქვეყნებიდან ვირუსის იმპორტირების რისკებს. ამის შესახებ დაახლოებით ორი თვის წინ ვსაუბრობდით და საზღვრების გახსნის თაობაზე შესაბამისი ვადები და რეკომენდაციები გავუგზავნეთ მთავრობას.

დავკარგეთ უამრავი დრო, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობები, და ნაცვლად ხელისუფლების მხრიდან საუბრისა და ცარიელი განცხადებებისა, უმჯობესია პრემიერმა და მთავრობამ დრო ქვეყნის ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებასა და ეკონომიკის რეალურ ამუშავებაზე დახარჯოს.

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აკეთებს ფრთიან, ერთი შეხედვით საქმიან განცახდებებს, მაგრამ, როგორც წესი, განცხადებები, სამთავრობო კაბინეტს ვერ სცდება და ხელშესახები პოზიტიური შედეგი ამ დრომდე არ მიგვიღია, მთავრობის მეთაური თანამდებობის ხიბლში და თვითტკბობაშია, ქვეყანაში  კი უმუშევრობა და სიღარიბე დღითიდღე იზრდება”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

უცნობია, როდის აღდგება რეგულარული ფრენები საქართველოში. მთავრობის თავდაპირველი გეგმით, რეგულრაული ფრენები კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების ნაწილთან ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა შეიცვალა და ფრენების აღდგენა აგვისტომდე გადავადდა. ამის პარალელურად ივნისში დაინიშნა ჩარტერული ფრენები რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ასრულებს. ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვერ აზუსტებს აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით აგვისტოდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com