ახალი ამბები

ჩემი მხარდამჭერების სახლები გაჩხრიკეს, ეს იყო პოლიტიკური დევნა – ჭანკოტაძე

2 ივლისი, 2020 • 1675
ჩემი მხარდამჭერების სახლები გაჩხრიკეს, ეს იყო პოლიტიკური დევნა – ჭანკოტაძე

გენერალი დევი ჭანკოტაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა წეროვანში მისი მხარდამჭერების სახლები გაჩხრიკეს. “მთავარ არხთან” საუბრისას ჭანკოტაძე აღნიშნავს, რომ ისინი იქ იარაღს ეძებდნენ, თავად კი ფაქტს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

“მთავარი არხის” ცნობით, ჩხრეკა დევნილთა დასახლებაში ჩატარდა.

ჭანკოტაძის განცხადებით, პოლიციამ სახლებში ვერაფერი იპოვა და ეს იყო “პოლიტიკური დევნის” ნაწილი მისი მხარდამჭერი ომის ვეტერანების მიმართ, რომლებიც 2020 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდნენ. მისი თქმით, ჩხრეკას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინ შეხვედრა უძღოდა.

“არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ამ ბიჭებს ვუტარებთ ტრენინგს, რადგან მომავალში იქნებიან უბნებზე დამკვირვებლები. დღეს იყო ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, სადაც ტრენინგი ჩავუტარეთ. როგორც კი სახლებში დაბრუნდნენ, დაახლოებით 20:00-ზე დაადგა სპეცრაზმი თბილისიდან და დაუწყეს ჩხრეკა, ააწიოკეს სახლები, დააშინეს მშობლები, ამოუტრიალეს სახლი მიზეზით, რომ რაღაც იარაღს ეძებდნენ. მე მაგას ვიღებ ასე, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და დაშინების მცდელობა”, – თქვა მან.

ჭანკოტაძის თქმით, მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა წარადგინეს ორდერი, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა გაცემული სასამართლოს მიერ.

“ნეტგაზეთი” დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მისი მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გენერალმა დევი ჭანკოტაძე, რომელმაც სამხედრო სამსახური 2012 წელს დატოვა, მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურ საქმიანობაში გააქტიურებას გეგმავს. ჭანკოტაძემ თქვა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და იმ დავალებებს შეასრულებს, რომელსაც პარტიისგან მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი